Wolt, Glovo და Bolt აცხადებენ, რომ საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ

პუბლიკა

მიტანის სერვისის კომპანიები Wolt, Glovo და Bolt აცხადებენ, რომ საქართველოს პლატფორმაზე მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ.

კომპანიებში განმარტავენ, რომ სრულად დაემორჩილებიან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალათ.

სამივე კომპანიის განმარტებას BMG ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

Wolt

„Wolt საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე 7 წელია ოპერირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია საქმიანობას ახორციელებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების სრული დაცვით, და, შესაბამისად, სრულად გაითვალისწინებს საქართველოში მიღებულ ნებისმიერ ახალ სამართლებრივ მოთხოვნას.

მოგეხსენებათ, Wolt ოპერირებს მსოფლიოს 32 ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობის პირობებში, რაც კომპანიას, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, საშუალებას აძლევს ეფექტიანად და ოპერატიულად მოახდინოს ადაპტაცია“.

Glovo

„ჩვენთვის ცნობილია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და „გლოვო საქართველო“ სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნილ წესებსა და ვადებთან. ბიზნესპროცესების კუთხით, „გლოვო“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. რაც შეეხება ჩვენი უცხოელი პარტნიორი კურიერების წილს, ჩვენი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მცირეა.

ჩვენ კვლავაც ადგილობრივ პარტნიორ კურიერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე გავაკეთებთ ფოკუსირებას, რათა მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება და გამოცდილება შევთავაზოთ. აღსანიშნავია, რომ კურიერები ჩვენი პარტნიორები არიან და არა უშუალო დასაქმებულები და დიახ, „გლოვო“ სრულად დაემორჩილება მარეგულირებლის მიერ დადგენილ ყველა წესს“.

Bolt

„ჩვენს პლატფორმაზე პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების უმრავლესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენენ. როგორც პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, იმ პირობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს მუშაობის უფლებასა და ბინადრობის სტატუსთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობაში ბოლოდროინდელი ცვლილებების გათვალისწინებით, როგორც კანონმორჩილი კომპანია, ვემორჩილებით ამ მარეგულირებელ წესებს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს ბაზარზე პლატფორმაზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პარტნიორი მძღოლებისთვის, ანუ თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

გვსურს განვმარტოთ, რომ ტაქსის მძღოლები და კურიერები არ არიან აყვანილნი შრომითი ხელშეკრულებებით და არ წარმოადგენენ დაქირავებულ დასაქმებულებს. თითოეული ტაქსის მძღოლი თუ კურიერი საქმიანობს როგორც პარტნიორი, რომელიც ჩვენი ელექტრონული პლატფორმისგან იღებს მომსახურებას და სანაცვლოდ პლატფორმას თავისი გამომუშავებული შემოსავლის ნაწილს უხდის“.


„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს კურიერებად, მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებისთვის დაწესდა წლიური კვოტები შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე და განისაზღვრება კვოტები:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;

ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;

გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;

დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.