ევროკავშირი უკრაინას ნავთობსადენ „დრუჟბის“ აღდგენაში ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება.
ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.
„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება.
ნავთობსადენი ამჟამად არ მუშაობს – ის უკრაინის ტერიტორიაზეა დაზიანებული.
ამის გამო ნავთობი არ მიეწოდება სლოვაკეთს და უნგრეთს.
ამ საბაბით უნგრეთმა დაბლოკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი, „სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით“. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას იმავე საბაბით.
კიევი უარყოფს უნგრეთის ბრალდებებს, რომ უკრაინამ მილსადენი მიზანმიმართულად შეაჩერა და აცხადებს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტას ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა და უკრაინულმა მხარემ ეს შეთავაზება მიიღო“.
„ევროპელი ექსპერტები მზად არიან მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგნენ“, – აცხადებენ ისინი.
ფონ დერ ლაიენის და კოშტას განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„27 იანვარს „დრუჟბის“ ნავთობსადენზე რუსეთის მიერ განხორციელებული განახლებული დარტყმების შემდეგ, რამაც გამოიწვია უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შეფერხება. ჩვენ ყველა დონეზე ჩავერთეთ ინტენსიურ დისკუსიებში წევრ ქვეყნებთან და უკრაინასთან, რათა მოხდეს ნავთობსადენის შეკეთება და უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის მიწოდების აღდგენა.
ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა. უკრაინულმა მხარემ ეს შეთავაზება მიიღო. ევროპელი ექსპერტები მზად არიან მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგნენ.
ჩვენი პრიორიტეტი ყველა ევროპელი მოქალაქის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას დაინტერესებულ მხარეებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის არარუსული ნედლი ნავთობის ტრანზიტის ალტერნატიულ გზებზე“.
POLITICO-ს წყაროების ცნობით, ბუდაპეშტი შესაძლოა, რუსულ სანქციებს ბლოკავდეს იმის გამო, რომ უნდათ, ევროკავშირისგან 16 მილარდი ევროს სესხი თავად მიიღონ SAFE ინსტუმენტის (მოქმედება ევროპის უსაფრთხოების) ფარგლებში. SAFE 150 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მექანიზმია, რომელიც ევროკავშირმა 2025 წლის მაისში მიიღო წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამრეწველო წარმოებისა და ერთობლივი შესყიდვების გასაძლიერებლად.