სასახლის დაცვამ, რომელმაც 9 მარტს განაცხადა, რომ ნადირაძე და ზოდელავა ხალხს „შეტევისკენ უბიძგებდნენ“, დღეს თქვა, რომ ადგილზე პოლიტიკოსი „ზუსტად არ ახსოვს“

პუბლიკა

4 ოქტომბრის 12-პირიან საქმეზე სასამართლოში დაიკითხა პრეზიდენტის სასახლის დაცვის წევრი გიორგი თათარაშვილი, რომელმაც 4 ოქტომბრის საღამოს ორბელიანების რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

მოწმემ აღწერა, რომ დაახლოებით, საღამოს 19:00-ზე სასახლესთან მივიდნენ აქციის მონაწილეები, ეჯაჯგურებოდნენ ჭიშკარს, შემდეგ კი სასახლის ღობე გადაანგრიეს. მოწმის ჩვენების მიხედვით, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაიწყო სასახლის დაცვაზე ძალადობა და „გაიმართა ხელჩართული ბრძოლა“.

გიორგი თათარაშვილის თქმით, როდესაც აქციამ მიიღო ძალადობრივი სახე, „არც კი ერთ წუთში, დაუყოვნებლივ მიიღო ზომები გდდ-მ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს და გაზები გაუშვეს.“

მისი თქმით, გდდ-ს გამოსვლის შემდეგ სასახლის დაცვამ უკან, უშუალოდ სასახლის კარებთან გადაინაცვლა, თვითონ კი სასახლეში შევიდა და კარი ჩაკეტა.

მოწმის თქმით, გდდ-ს მიერ სპეცსაშუალებების გამოყენების შემდეგ პირველი ეტაპი დაიშალა, თუმცა მეორე ეტაპი მალევე დაიწყო. მისი თქმით, მეორე ეტაპის დროს უკვე სასახლეში იყო.

პროკურორ ლაშა ცქვიტარიას შეკითხვაზე: „მეორე ეტაპის დროს თუ მონაწილეობდა რომელიმე თქვენთვის ცნობილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი ან ნაცნობი პირი თუ შეამჩნიეთ?“

მოწმემ თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვს.

იგივე მოწმე დაიკითხა 9 მარტს 14-პირიან საქმეზე, სადაც თქვა, რომ სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს საქმეზე ბრალდებული სხვა პირები – ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მოუწოდებდნენ – „შეტევისკენ უბიძგებდნენ“.

პროკურორის კითხვაზე, ვისი მოწოდება იყო, აღნიშნა:

„ვინც მე კარგად მახსოვს, ზოდელავა და ნადირაძე იყო, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს უშუალოდ [გადმოსვლისკენ]”.

მან იგივე გვარები გაიმეორა ადვოკატის შეკითხვაზეც, რას მოუწოდებდნენ ისინი:

„ზოდელავა და ნადირაძე მოუწოდებნენ, სასახლის გასაღები მოგვეცით. შეტევისკენ უბიძეგბენენ ხალხს…“