2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.
პირველ ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 15 აგვისტოს გამოიტანა. აბრამოვი მაშინ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ -გიორგი კერატიშვილის, ნინო ჩახნაშვილისა და ბესიკ ბუგიანაშვილის შემადგენლობით.
პირველი ინსტანციის განაჩენში თამარ მჭედლიშვილმა შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.
22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.