17 მარტს ზუგდიდში პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ შალვა ესართია ადვოკატმა, რამაზ მიქაიამ მესტიის იზოლატორში მოინახულა.
მისი თქმით, მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 353-ე ტერცია მუხლით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით სახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა ისჯება 1 წლამდე პატიმრობით.
ადვოკატის თქმით, სასამართლო ხვალ გაიმართება. უცნობია რას სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.
17 მარტს შალვა ესართიას დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს. მასზე ჩანს, რომ ესართიას პოლიციელები ძალის გამოყენებით სვამენ საპატრულო პოლიციის მანქანაში.
სამოქალაქო ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“, რომელიც ზუგდიდში მუშაობს, 17 მარტის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ავრცელებს ინფორმაციას.
ორგანიზაციის ცნობით, 17 მარტს შალვა ესართია ავტომობილით გადაადგილებისას ქვეითისთვის გზის არდათმობის გამოგონილი მიზეზით გააჩერეს.
გაჩერებისთანავე შალვა ესართიამ კატეგორიულად უარყო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან, მისი პოზიციით, წესები არ დაურღვევია და ქვეითის მოძრაობისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
„მუხლის დამძიმება მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ადამიანის დასჯის განსაკუთრებულ ინტერესზე. შალვას მიმართ ადრე გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა და ახლანდელი გადაკვალიფიცირებული ბრალი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს სისტემურ დევნას, მისი აქტივობისა თუ პიროვნული პოზიციის გამო.“ – წერს ორგანიზაცია.
შალვა ესართია 173-ე მუხლით – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა – მესამედ დააკავეს. პირველად – 2025 წლის იანვარში, მეორედ – 2025 წლის დეკემბერში და ბოლოს – 2026 წლის მარტში. პირველ ჯერზე ის 3000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მესამედ დაკავების შემდეგ კი უკვე სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი.
სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომლის მიხედვითაც პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა ჩადენილი მესამედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 13 ოქტომბერს პროექტის სახით წარმოადგინა და დაჩქარებული წესით 2 დღეში დაამტკიცა.