Washington Post-ის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ბუდაპეშტი ამ ბრალდებას უარყოფს.
გამოცემის გამოძიება, რომელიც ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით მომზადდა, ამტკიცებს, რომ სიიარტო წლების განმავლობაში აწვდიდა მოსკოვს ევროკავშირის შეხვედრებზე განხილულ საიდუმლო ინფორმაციას. ანგარიშის მიხედვით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ურეკავდა ლავროვს, რათა მისთვის მიმდინარე დისკუსიების შესახებ დეტალები გაეზიარებინა და რუსეთის ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმები ეკარნახა.
გაზეთის კონფიდენციალური წყაროს ცნობით: „წლების განმავლობაში, ევროკავშირის ყოველ შეხვედრას, არსებითად, მოსკოვიც ესწრებოდა“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ X-ზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორბანის ხალხი მოსკოვს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების ყველა დეტალს ატყობინებს, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. ჩვენ დიდი ხანია, ამას ვეჭვობდით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიტყვით მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გამოვდივარ და მხოლოდ იმდენს ვამბობ, რამდენიც აუცილებელია“, – დაწერა მან.
The news that Orbán’s people inform Moscow about EU Council meetings in every detail shouldn’t come as a surprise to anyone. We’ve had our suspicions about that for a long time. That’s one reason why I take the floor only when strictly necessary and say just as much as necessary.
— Donald Tusk (@donaldtusk) March 22, 2026
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უნგრელ მინისტრს მიმართა: „ეს ბევრ რამეს ახსნიდა, პეტერ“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრალდებებს „ყალბი ამბები“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ანგარიში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პეტერ მაიარის და მისი ოპოზიციური პარტია „ტისზას“ მხარდასაჭერად გავრცელდა.
„როგორც ყოველთვის, დეზინფორმაციაა. თქვენ ცრუობთ, რათა მხარი დაუჭიროთ პარტია „ტისზას“, რომ უნგრეთის ხელისუფლებაში ომის მომხრე მარიონეტული მთავრობა მოვიდეს“, – დაწერა X-ზე სიიარტომ.
Fake news as always. You are telling lies in order to support Tisza Party to have a pro-war puppet government in Hungary. You will not have it! https://t.co/pNb1dLUSmM
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) March 22, 2026
გარდა ამისა, Washington Post-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამზადებდა ორბანზე თავდასხმის იმიტაციას (ოპერაცია სახელწოდებით „Gamechanger“), რათა არჩევნებში მისი შანსები გაეზარდა.
2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პიტერ სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, მათგან ბოლო მიმდინარე წლის 4 მარტს, როდესაც ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგები ასეთია:
- პეტერ მაგიარის პარტია „ტისზა“: 48%
- ვიქტორ ორბანის „ფიდესი“: 39%