ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ, სხდომა მედიისთვის და დამსწრეებისთვის არ გახსნა.
პროცესის გახსნის შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს. სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მედიას განუცხადა, რომ საქმეზე საზოგადოების ინტერესი მაღალია და ეცდებიან, რომ მოსამართლეს ეს დაუსაბუთონ. მისივე თქმით, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოლოდინი არ აქვთ. დახურულ სხდომას მხოლოდ მხარეები და ბრალდებულები ესწრებიან.
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სასამართლო პროცესი 23 თებერვალს დახურა იმ მიზეზით, რომ „დარბაზს ვერ აკონტროლებდა“.
ე.წ. საბოტაჟის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს – მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;
ზურაბ ჯაფარიძისთვის, გიორგი ვაშაძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის ბრალად წარდგენილი მუხლებისთვის მაქსიმალური სასჯელი 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა;
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი კი – ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის გირაო.