16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების” საქმეებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალი წარედგინათ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებსა და კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს.
„სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, 2023-2025 წლებში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფს“ შორის 9 ტენდერის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, მთლიანობაში 1550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ჩატარდებოდა.
პროკურატურის თქმით, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები ჩატარდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
„შპს „მშენჯგუფს“ საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. იმავე პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ერთობლივად შეიმუშავეს და განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც მითვისებული თანხა, სხვადასხვა დანიშნულებით ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად განხორციელდა 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონებისა და კომპანიის შეძენა. შემდგომში, აღნიშნული ქონების ნაწილი, გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა, დაუდევარი დამოკიდებულების გამო არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ, შპს „მშენჯგუფმა“ დაუსაბუთებლად, წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ შპს „მშენჯგუფი“ ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიეღოთ შესაბამისი ზომები, გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით” შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.
სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფის” მფლობელი გურამ თაბუკაშვილია. 2024 წლის დეკემბერში მან კომპანიის 100%-იანი წილი 1000 ლარად შეიძინა გიორგი კაპანაძისგან.
რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს, მისი ყოფილი ხელმძღვანელი დავით ტაბატაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ 27 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა. საქმე ბაღების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხის „თაღლითურად დაუფლებას” ეხებოდა.