ვიკა ბუკიამ და მიხეილ ზაქარეიშვილმა ადმინისტრაციულ საქმეებზე ევროსასამართლოს მიმართეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ჟურნალისტ ვიკა ბუკიასა და იურისტ მიხეილ ზაქარეიშვილის საჩივრები გაიგზავნა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ვიკა ბუკია დავობს გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების დარღვევას, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილი – შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

ვიკა ბუკია სასამართლომ სამართლადამრღვევად ცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა იმისთვის, რომ ფეისბუქპოსტში მარიამ ლაშხს „მონა“ უწოდა.

„ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედი ისეთი მაღალი სტანდარტები, როგორებიცაა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის, როგორც საზოგადოების დარაჯის განსაკუთრებული როლის აღიარება, პოლიტიკოსის მეტი თმენის ვალდებულება, შეფასებითი მსჯელობის, მათ შორის, მეტაფორული და სხვა სახის ფიგურალური გამოხატვის მომეტებული დაცულობა და სხვა“, – აცხადებს TI.

მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო.

„სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მიხეილ ზაქარეიშვილი ხალხის მოძრაობას უშლიდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ვიდეომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ საპროტესტოდ შეკრებილი ხალხის რაოდენობა მცირე იყო იმისათვის, რომ გამვლელების გადაადგილება შეეფერხებინა“, – აცხადებს TI.

ზაქარეიშვილისა და ვიკა ბუკიას ინტერესებს ევროსასამართლოში სწორედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაიცავს.