თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ მიიღო.
თოშხუა და შერვაშიძე 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.
განაჩენის გამოცხადებისას ელენე გოგუაძემ განმარტა, რატომ გადაწყვიტა საპატიმრო სასჯელის გამოყენება:
„სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, მოისმინა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე გააანალიზა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა ბრალდებულთა ინფორმაცია. თუმცაღა სასამართლო ვერ და არ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აუცილებელი მოგერიების ფარგლებთან დაკავშირებით და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სრულად წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალეულობას.
როგორც მოგეხსენებათ, საქმეში არსებული მუხლის თანახმად სანქცია ითვალისწინებს როგორც საპატიმრო სასჯელს – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულთა პიროვნული მახასიათებლები. მართალია, ბრალდებულები არ არიან ნასამართლევები აქამდე სხვა არც ერთ საქმეში, ამავდროულად ითვალისწინებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადმინისტრაციულად სახდელდადებულობას, გაითვალისწინა ბრალდებულთა პოზიციები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.
ბატონებო, ჩვენ ერთად ძალიან კარგად გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, ძირითადად, ის ვიდეომასალა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუყურეთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით, რა მოხდა იქ და რა ვითარება იყო. როგორც მე, ასევე საზოგადოებამ დაინახა ის მასალები, რამაც ჩვენ აქ სასამართლოში მოგვიყვანა.
ასევე მინდა შევეხო დაცვის მხარის მტკიცებულებებს. მართალია, არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ თქვენ განახორციელეთ ძალადობა, თუმცაღა ვერც ერთი მოწმე ვერ უარყოფდა, რომ იყო შეხლა-შემოხლა… კოფლიქტურ მდგომარეობას არც ერთი მოწმე არ უარყოფდა.
არ შემიძლია, არ შევეხო დაზარალებულის პოზიციას. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ დაზარალებული ბექა გოცირიძე დავკითხეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ის. მისი პოზიცია თქვენ მიმართ იყო ძალიან ლოიალური, მოინანია კიდეც ის ქმედება, რომ თქვენ მიმართ იყო რადიკალურად განწყობილი და დაადასტურა კიდევაც.
დაზარალებულის პოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი სასამართლოსთვის, რა სახის სასჯელი უნდა დანიშნოს და სასამართლო იყოს თუ არა ლოიალური. ეს არის დაზარალებულის პოზიცია, აწგარდაცვლილი ბექა გოცირიძის პოზიცია, თუმცა სასამართლო ვერ იქნება შებოჭილი იმით, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიცია. მე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია სასჯელის ნაწილში.
ამავდროულად მინდა, შევეხო უშუალოდ თქვენს მდგომარეობას სასამართლო პროცესზე. მე არ გამახსენდება არც ერთ პროცესზე ის, რომ თქვენი მხრიდან ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, არ მინდა, ისე გამომივიდეს – თქვენ აღიარებდით თუ არა დანაშაულს, ეს ბრალდებულის უფლებაა, თუმცაღა თვალნათლივ იყო ყველაფერი წარმოდგენილი ამ სასამართლო დარბაზში, რაზედაც თქვენ თქვენი პოზიცია აუცილებლად უნდა დაგეფიქსირებინათ. ამას მე, როგორც ადამიანი, ისე გეუბნებით. მე ამას ველოდებოდი.
თქვენ პრინციპში დამიკარგეთ ის მდგომარეობა, რომ ჩამეყენებინეთ თქვენ იმ მდგომარეობაში, რასთან დაკავშირებითაც მე, როგორც მოსამართლეს მომცემდა შესაძლებლობას, რომ თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი. თუნდაც ვყოფილიყავი ლოიალური, მაგრამ მინდა, გითხრათ ადამიანურად, რომ სასჯელის დანიშვნისას გავითვალისწინე ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური, თუმცაღა სასჯელი არაა არასაპატიმრო“, – განაცხადა მოსამართლემ.
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
დაცვის მხარის პოზიციით, კონფლიქტი პროვოცირებული იყო ბექა გოცირიძის მხრიდან. ფიზიკური შეხება კი, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხრიდან მოხდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ეს ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ.
2025 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა. მან დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დაადასტურა – მათ შორის დაადასტურა რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და აღნიშნა ისიც, რომ ჩხუბის დროს – „მე თავს ვიცავდი, მეც ვურტყამდი, ხელს მეც ვიქნევდი”.
პროცესზე მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეტენზია არ აქვს ბრალდებულების მიმართ და მიესალმება, თუკი ისინი გირაოთი გათავისუფლდებოდნენ.