ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდაზე კანონპროექტი საბოლოოდ მიიღეს

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მესამე მოსმენით დაუჭირა მსუბუქ ავტომბილებზე დაწესებული აქციზის საფასურის გაზრდას. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

მიღებული კანონის თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე – 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 4.5 ლარის ოდენობით.

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.

ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.

კანონი 2 აპრილიდან ამოქმედდება.

დღესვე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა გახარიას ფრაქციის ალტერნატიულ წინადადებას.

წინადადება 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის გავრცელებას მხოლოდ 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე ითვალისწინებდა.