გამოცემა ბათუმელებიც ცნობით, მზია ამაღლობელის საქმე ე.წ. უდოს კომისიაზე განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“.
მზია ამაღლობელი წელიწადი და სამი თვეა უკანონო პატიმრობაშია. მას ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.
როგორც მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ:
მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები, შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს.
პატიმრების საქმეებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელსაც ოფიციალურად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო ჰქვია, თუმცა საქართველოში ე.წ. უდოს კომისიას ეძახიან.
უდოს კომისიაზე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს ციხის ადმინისტრაცია.
მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ უდოს კომისიას მიმდინარე წლის 12 იანვარს მიმართა.
შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.
არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით.
აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.
შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.
სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით.
შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.
შუამდგომლობა 2026 წლის 9 მარტს განიხილა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც 4 წევრისაგან შედგება:
- საბჭოს თავმჯდომარე თამარ გელოვანია (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი)
- წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი),
- ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი)
- დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).
მიუხედავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარდგენილი დადებითი დახასიათებისა, კომისიამ უარი თქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისას წახალისების ზომების გამოყენება არ მიაჩნია ამაღლობელის გათავისუფლების გადაწყვეტილებისთვის გასათვალისწინებელ გარემოებად.
„ადგილობრივმა საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა პირობით ვადაზე გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს,“ – წერია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
საბჭოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა.
„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
ასევე იგი სხვადასხვა მიზეზების მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.
ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ – წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
თავის გადაწყვეტილებაში საბჭო მიუთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”.
საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება “იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავების უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“.
პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ დააადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიერ მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.