პაპუაშვილი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა წაგებული ომის შემდეგ დამამშვიდებელ პრიზად მიიღო სააკაშვილმა

პუბლიკა

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე დაუსვა შეკითხვა.

ორი დღის წინ კახა კალაძემ მარკო რუბიოსთან ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შეფასებისას თქვა, რომ სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და იქნება საინტერესო სიახლეები.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის სიახლეებს ელოდებიან აპრილში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ასევე განაცხადა, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა წაგებული ომის შემდეგ „დამამშვიდებელ პრიზად“ მიიღო სააკაშვილმა და „ის შინაარსით, როგორც უნდა ყოფილიყო, არასოდეს შევსებულა“

– კონკრეტულად რა ტიპის სიახლეებს ველოდებით აპრილში ?

– ის, რომ საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის. აპრილში ველოდებით, რომ ამ საუბრის შედეგად ურთიერთობის გადატვირთვისკენ შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

– ელოდებით რომ ვინმე ჩამოვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან?

–  ვნახოთ. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ვიზიტები გახშირებულია სხვადასხვა დონისა და შინაარსის, მაგრამ ერთი მიზნით, რომ ის გაფუჭებული ურთიერთობა, რომელშიც მთავარი წვლილი წინა ადმინისტრაციას მიუძღვის, გადაიტვირთოს. ყველა ეს ვიზიტი, რომელიც ბოლო პერიოდში ნახეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ყველანაირი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული ამისთვის.

– სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა მოსალოდნელია უახლოეს მომავალში?

მიზანი არის არა სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, არამედ პარტნიორობის არსებობა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთინტერესებზე, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა ინდიკატორია, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეპითეტისთვის კი არ გვჭირდება.

სინამდვილეში მანამდე ეპითეტის დონეზე იყო სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის. ის შინაარსით დიდად დატვირთული არ ყოფილა. თავის დროზე სტრატეგიულ პარტნიორობას 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში. ეს იყო დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის, წაგებული ომის შემდეგ, რომ სამაგიეროდ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა ის შინაარსით არასოდეს შევსებულა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

ახლა ჩვენი შეთავაზებაა, რომ შინაარსით გაჯერებული ჩარჩო იყოს, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტული მოლოდინები და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილები. ის, რომ რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიალოგი შედგა, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოწადინებულია აქეთკენ. ასე რომ, ეს გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.