თბილისის მერი, კახა კალაძე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უფასო სასადილოებს სანიტარული კუთხით აფასებენ, დანარჩენ საკითხებს კი კონტრაქტორი კომპანიები კურირებენ.
„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვა. სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა – დააკავებდნენ მათ.
თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს.
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. 30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს“, – თქვა კალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 2 აპრილს განაცხად, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და აღნიშნულ დაუფლებაში დახმარების ბრალდებით 5 პირი დააკავა – სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სუსის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.