დღეს, 7 აპრილს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ჩავიდა.
ვენსი ბუდაპეშტში ცოლთან, უშა ვენსთან ერთად იმყოფება.
აეროპორტში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტრო დახვდა.
სოციალური მედიაში გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეორგოლში სიიარტომ ჯეი დი ვენსის დღევანდელ ვიზიტს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ეს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 1991 წლის შემდეგ და აშშ-ის უმაღლესი დონის წარმომადგენლის სტუმრობა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას ჯორჯ ბუში ეწვია.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს უნგრულ-ამერიკული ურთიერთობების ოქროს ხანაა“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიახლოვეს და მეგობრობასაც კი დონალდ ტრამპსა და ვიქტორ ორბანს შორის.
პიტერ სიიარტროს თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე განიხილავენ მიგრაციას, გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე უნგრეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თანამშრომლობას.
ჯეი დი ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა ორბანის მთავარი ოპონენტი პიტერ მაიარი.
X-ზე მან დაწერა:
„არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს უნგრეთის არჩევნებში. ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია არ იწერება ვაშინგტონში, მოსკოვსა თუ ბრიუსელში – ის იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე. ხუთი დღე დარჩა“.
Statement on the occasion of the visit of the U.S. Vice President to Budapest:
No foreign country may interfere in Hungarian elections. This is our country. Hungarian history is not written in Washington, Moscow, or Brussels – it is written in Hungary’s streets and squares.Five…
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) April 7, 2026
ამავდროულად, გამოცემა Bloomberg-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს. საუბარი, გამოცემის თანახმად, 17 ოქტომბერს შედგა, როცა ბუდაპეშტი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების ადგილად განიხილებოდა.
Bloomberg წერს, რომ ორბანმა და პუტინმა მაშინ იმსჯელეს იმ პირობებზე, რომლებიც შეხვედრის ჩასატარებლად იყო საჭირო, მათ შორის ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსამზადებელ შეხვედრაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოქტომბერში გამართული სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ იგი მზად ყ,ველაფერი გაეკეთებინა რუსეთის პრეზიდენტის დასახმარებლად, მათ შორის უკრაინის ომის მოგვარებაში ხელშეწყობისთვის ბუდაპეშტში სამიტის მასპინძლობის გზით.
ორბანმა აღნიშნა, რომ მისი და პუტინის მეგობრობა 2009 წლიდან იწყება.
„გუშინ ჩვენი მეგობრობა ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, რომ ნებისმიერ საკითხში შემიძლია დახმარება. ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო, თქვენს სამსახურში ვარ. ჩვენს უნგრულ საბავშვო წიგნებში არის ამბავი, სადაც თაგვი ლომს ეხმარება“, – უთხრა ორბანმა პუტინს Bloomberg-ის თანახმად.
პუტინმა ორბანს უთხრა, რომ უნგრეთი „შესაძლოა, ერთადერთი“ ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც შესაძლოა მისაღები იყოს უკრაინის შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის – მაშინ უნგრეთმა განაცხადა ისიც, რომ უზრუნველყოფდა პუტინის ქვეყანაში შესვლას აღნიშნულ სამიტზე დასწრების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიმართ გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი.
პუტინმა ასევე უთხრა ორბანს, რომ დიდად აფასებს მის „დამოუკიდებელ და მოქნილ“ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
Bloomberg-ისვე ცნობით, საუბარი ორბანმა რუსულ ენაზე დამშვიდობებით დაასრულა.
ვიქტორ ორბანი ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტია, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წლიდანაა.
12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ბოლო 16 წლის განმავლობაში ორბანი ყველაზე რთული საარჩევნო გამოწვევის წინაშე დგას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად ორბანმა შეინარჩუნა თბილი ურთიერთობა პუტინთან, ასევე უნგრეთის ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე. საბაბით, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებულია, ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დეკემბერში შეთანხმებული 90-მილიარდევროიანი სესხის გაცემა.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ორბანის მთავარი ოპონენტის, პეტერ მაიარის პარტია „ტისზა“ ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ სულ მცირე 10%-ით უსწრებს.
მანამდე Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ამზადებდა ორბანზე თავდასხმის იმიტაციას – ოპერაციას სახელწოდებით Gamechanger, რათა არჩევნებში მისი შანსები გაეზარდა.
ამავე დროს, Washington Post-ის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია დაადასტურა პიტერ სიიარტრომაც.