ირაკლი კუპრაძე: ანაკლიის პორტს დაერქვას დონალდ ტრამპის სახელი

პუბლიკა

ლელო-საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ანაკლიის პორტს დაერქვას დონალდ ტრამპის სახელი.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს „ტრამპის გზის“ ნაწილი, რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს, ეს კი ანაკლიის პორტის გარეშე შეუძლებელია.

ირაკლი კუპრაძემ თქვა:

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, „ქართული ოცნების” დეკლარირებულად იზოლაციონისტური და მასზე დაყრდნობილი ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკა, საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია – ამ პროექტისადმი შტატების ინტერესი არ შენელებულა.

სწორედ ანაკლიის პორტს შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს – როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი.

სწორედ ამიტომ საჭიროა ანაკლიის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი. ანაკლია არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის საქართველოს ეროვნული, გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა!

არსებობს ქვეყნის ინტერესები, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დგას – ანაკლია სწორედ ასეთი ინტერესია საქართველოსთვის!

„ანაკლიის პროექტის” განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ გარანტიებს უნდა იძლეოდეს და საჯარო, მკაფიო ვალდებულებებს გასცემდეს:

• ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს – #1 ეროვნულ პრიორიტეტად
• პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს.
• ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად
• პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან
• ანაკლიის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება, უნდა იყოს საჯარო, რათა, არ დავუშვათ რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციის შემთხვევაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა „ტრამპის გზა”. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს, ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლიის პორტის აშენებით, რაც იქნება „ტრამპის გზის” ლოგიკური გაგრძელება.

მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება!

სწორედ „ძლიერ საქართველო-ლელოს” აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად „ანაკლია სითის“ განვითარებას, რომელიც შექმნის ათეულ ათას სამუშაო ადგილს საქართველოსთვის.

ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა მივცეთ ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთხელ ჩააგდონ ეს დიდი იდეა!

„ძლიერი საქართველო – ლელო” იყო, არის და იქნება ანაკლიის, პროექტის მთავარი მხარდამჭერი!

ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს!

ანაკლია აუცილებლად აშენდება!“.


ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, 2017 წლის 24 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, 2020 წლის 9 იანვარს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა წამოიწყეს.

ამ საქმეზე დაწყებული ორივე საარბიტრაჟო დავა მოსარჩელეებმა წააგეს.

2025 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანაინვესტორის ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 64 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას შეეხებოდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ბობ მეიერს სახელმწიფოსთვის იურიდიული ხარჯების ანაზღაურების, ასევე არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

2024 წლის 30 ივლისს ასევე არ დაკმაყოფილდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძირითადი საარბიტრაჟო დავა.

მთავრობამ პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

2024 წლის 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი შეირჩა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავითაშვილი ამბობდა, რომ პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია. ანაკლიის პორტის 51% საქართველოს მთავრობის საკუთრებაში დარჩება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი იქნება.

მალევე გაირკვა, რომ სამინისტროს მიერ ანაკლიის პორტის ინვესტორად შერჩეული ჰოლდინგი კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ იყო.

პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ ამავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია.

ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co. 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული.

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. თუმცა ხელშეკრულება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამ დრომდე გაფორმებული არაა.