ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, შედეგად, პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა.
მისივე განცხადებით, „უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი“.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მლრდ დოლარი.
ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25 %-ზე მეტით შემცირდა – 52.5 მლნ დოლარით. შედეგად უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.
გეგმის მიხედვით, ნავსადგურის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მისი წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 600 ათას TEU-ს (7.8 მილიონ ტონა ტვირთს) შეადგენს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ფსკერის მინიმუმ 16 მეტრამდე დაღრმავებას.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის მაისში გამართულ კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC გამოცხადდა, საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელი დღემდე არ მოწერილა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ჩინური მხარე მიიღებს პორტის წილის 49%-ს. ასევე, კომპანია აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია და უზრუნველყოს ობიექტის მართვა.
2026 წლის 26 მარტს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.