შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
ბრალდებულებმა ცხედარი – გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს.