პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

პუბლიკა

მასალა განახლებადია

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

უნგრეთის საარჩევნო კომისიამ დათვალა ხმების 98.94%. წინასწარი მონაცემებით, „ტისას“ საპარლამენტო მანდატების 69.35% ერგება, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ — 27.64%.

ეს ნიშნავს, რომ „ტისას“ პარტიის წევრები 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებენ, „ფიდესის“ წევრები კი – 55 მანდატს. 6 მანდატი (3.02%) ერგება პარტიას „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, პიტერ მაიარს და ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უკვე მიულოცა გამარჯვება.

პარტიის ლიდერს, პიტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:

„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ – ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“.

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი:

„უნგრეთმა გადაწყვიტა. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მაიარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და, უპირველეს ყოვლისა, ერთიანი ევროპისთვის“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი:

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი:

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი:

„ვულოცავ პიტერ მადიარს და TISZA პარტიას მათ დამაჯერებელ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა იმარჯვებს.

უკრაინა ყოველთვის ცდილობდა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან. ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს, და მილიონობით ევროპელი ისწრაფვის თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ.

ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, ასევე ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის”.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო:

„სრული პატივისცემით, ვაღიარებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს.

სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება.

1. ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების.

2. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღორძინებას.

3. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას.

მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანა თავის ევროპულ გზას იბრუნებს. კავშირი უფრო ძლიერდება“.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა:

„რეკორდული აქტივობა უნგრელი ხალხის დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს. მათ თავიანთი აზრი დააფიქსირეს და მათი ნება ნათელია. მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მაგიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი:

„არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს, რომელსაც იტალიის მთავრობა წარმატებას უსურვებს.

მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის თავისი ერის მსახურებას ოპოზიციიდანაც კი გააგრძელებს.

იტალიასა და უნგრეთს ღრმა მეგობრობა აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესებისა და საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო დონეზე“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი:

„დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს. ისტორიული არჩევნების ჩატარებას ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს. ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის პიტერ მაგიართან მუშაობას მოუთმენლად ველოდები“.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში:

„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და დიდი იმედები და მოლოდინები აქვს. მან ეს იმედები არ უნდა გაუცრუოს.

პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველოდები ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა. მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერთან, ვინც ამომრჩეველმა აირჩია“.

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი:

„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. ასევე მადლობელი ვარ ვიქტორ ორბანის ასეთი ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი:

„პეტერ მადიარ, გილოცავთ გადამწყვეტ გამარჯვებას უნგრეთის არჩევნებში. უნგრელმა ხალხმა ახალი გზა აირჩია. ჩვენ მზად ვართ თქვენთან და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად“.


უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 78%-მა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები „ნათელი და მტკივნეულია“.

ევროსკეპტიკოს ორბანს მხარს უჭერდა როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმაც.

თუმცა, მაშინ მაიარმა თქვა, რომ უნგრეთის ბედი „არა რუსეთში, აშშ-სა და ბრიუსელში, არამედ უნგრეთში წყდება“.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის.

ვიქტორ ორბანი ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტს. საბაბად ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ ის დაასახელა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით არ ხდება რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.

„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება. უკრაინის განცხადებით, ნავთობსადენი დაზიანებულია რუსული დარტყმების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინას „დრუჟბის“ შეკეთებაში დახმარება შესთავაზა და უკრაინამაც ის მიიღო, ორბანმა უარი თქვა, მოეხსნა ბლოკი სანქციებსა და სესხზე.

ამავე დროს, საერთაშორისო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტრო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია მოგვიანებით სიიარტრომაც დაადასტურა.