19 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება — მერვე ბოლო 5 წელიწადში.
გამოკითხვებში ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევის ახალი კოალიცია “პროგრესული ბულგარეთი” (PB) ლიდერობს.
რუმენ რადევმა პრეზიდენტის პოსტი ვადაზე ადრე, 2026 წლის იანვარში დატოვა, რათა ახალი პოლიტიკური პროექტი დაეწყო. მისი პლატფორმა ეფუძნება „კორუფციული ოლიგარქიული მოდელის” დანგრევას, თუმცა ოპონენტები მას პრორუსულ განწყობებსა და პოპულიზმში ადანაშაულებენ.
რადევი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ დაამარცხებს ქრონიკულ კორუფციას და სტაბილურობას მოუტანს ქვეყანას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვიდი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. თუ ყოფილი სამხედრო-საჰაერო ოფიცერი ამჟამად პროგნოზირებულ 31 პროცენტს მიიღებს, მის მიერ მარტში დაფუძნებული მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ მომავალ კვირას კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეძლებს.
რადევმა ბრიუსელში ეჭვები თავისი მტკიცე პრორუსული შეხედულებებით გააჩინა – ის უკრაინის საკითხზე მოსკოვის ნარატივს იმეორებს და მიანიშნებს, რომ რუსული ენერგორესურსების იმპორტი სურს. მან ასევე გააკრიტიკა ბულგარეთის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება ევროზონაში გაწევრების შესახებ და განაცხადა, რომ ევროპა „კულტურულად დეპერსონალიზებულია“ და „დემოგრაფიულად იშლება“. გარდა ამისა, ბულგარეთი შეუერთდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკამათო „მშვიდობის საბჭოს“.
Freedom House-ის თანახმად, ბულგარეთი ევროკავშირში თავისუფლების ხარისხით უკვე მეორეა ბოლოდან, უნგრეთის შემდეგ. კიდევ ერთი „ორბანის“ გამოჩენის პერსპექტივა ზოგიერთ ოფიციალურ პირსა და დიპლომატს აშფოთებს, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ბულგარელი პოლიტოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი დიმიტარ ბეჩევი Politico-სთან ამბობს, რომ მთავარი კითხვა მომავალი კოალიციის ფორმაა. მისი თქმით, რადევს მოუწევს არჩევანი გააკეთოს რეფორმისტულ ბლოკსა და მემარჯვენე ფრთას შორის.
რადევი ან მოკავშირეების მხარეს დადგება კორუფციასთან საბრძოლველად, ან კერძო ინტერესების მფარველობას გააგრძელებს.
Politico ასევე წერს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, რადევი პოლიტიკის დესტაბილიზაციის უნარითა და სურვილით ორბანთან შედარებით „სულ სხვა ლიგაშია“. ის და სხვები, მაგალითად სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო, „გამოცდილებით, შეუპოვრობით, კავშირებითა და იდეებით ორბანთან ახლოსაც ვერ მიდიან, ამიტომ ამ არჩევნების შედეგი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ევროკავშირის უნარისთვის, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაუპირისპირდეს რუსეთს“.
თუმცა, ერთ-ერთი ბულგარელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რადევი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ: „ის ჭკვიანი და ამბიციურია“.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს.