ოპოზიციის ალიანსმა წარმოადგინა მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

პუბლიკა

ოპოზიციის ალიანსმა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და გაზრდილი სამომხმარებლო ფასების ფონზე მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები წარმოადგინა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიგა ბოკერიამ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და თქვეს, რომ აუცილებელია:

  • საწვავზე აქციზის ფასის განახევრება (2016 წლის ნიშნულზე დაბრუნება);
  • საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება;
  • დღგ-ის 1%-ით შემცირება.

„ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი და ეს ფული დარჩება ხალხს, არ გახდება „ქართული ოცნების“ ქურდი მმართველი კლანის ნადავლი. ეს, ასევე, მაშინვე გააიაფებს საწვავს დაახლოებით 20 თეთრით და დაგვეხმარება ფასების მყისიერი ზრდის თავიდან აცილებაში ან მინიმუმ, შეფერხებაში და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაში“, – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

კერძოდ, ოპოზიციონერების თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირობებში მდგომარეობა ასეთია:

  • საგადასახადო ტვირთი გაიზარდა 24.8%-დან 26.7%-მდე.
  • ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასა ხელოვნურად გაიზარდა – 250-300% (3-4ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკა).
  • გაიზარდა შიდა ვალი – 2012 წელს 2 მლრდ-დან 2026 წელს – 12 მლრდ-მდე.
  • შემცირდა ინვესტიციები – 2022 – 2 მლრდ აშშ დოლარიდან  – 2025 – 1.7 მლრდ დოლარამდე (80% რეივესტიცია).
  • გაიზარდა აქციზის ფასი ბენზინზე: 2017-მდე 250 ლარი იყო, ახლა – 500 ლარია.
  • გაიზარდა აქციზის ფასი დიზელზე: 2017-მდე 150 ლარი იყო, ახლა 400 ლარი.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათი ხედვა შემდეგია: 

საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯები:

  • საგადასახადო ტვირთის და ბიუროკრატიის ზომის არსებითად შემცირება.
  • ეკონომიკის მოცულობასთან შიდა ვალის მოცულობის შეფარდების განახევრება.
  • ეროვნული ბანკის დეპოლიტიზება.
  • დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, რაც ყველა ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის უმთავრესი საფუძველია.
  • სისტემური კორუფციის და კრიმინალის გავლენის განეიტრალება ეკონომიკაში .
  • ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის გაღრმავება თავისუფალი, განვითარებული სამყაროს ეკონომიკასთან, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
  • სახელმწიფო სერვისების გაიაფება.
  • ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ჩარჩოს მიღმა არსებული ბიუროკრატიული რეგულაციების გაუქმება.

ალიანსის ხედვის თანახმად, მყისიერად ეკონომიკაში დარჩება: 

  • საწვავზე აქციზის ფასის განახევრების შემთვევაში (2016 წლის მდგომარეობა) – 400 მილიონი ლარი
  • საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტული პუნქტით 20%-იდან 19% მდე შემცირებით – 400 მილიონი ლარი;
  • დღგ-ს შემცირება 1 პროცენტული პუნქტით 18% იდან 17% მდე – 700 მილიონი ლარი
  • მოგების (15%) და დივიდენდის (5%) გადასახადის დივიდენდის ნაწილის 1 პროცენტული პუნქტით შემცირება რომ საშემოსავლოს შემცირებით წარმოქმნილი ხვრელი აღმოიფხვრას – 100 მილიონი ლარი
  • ჯამურად: 1,6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი მოქალაქეებისთვის
  • საბიუჯეტო ხარჯების შემცირება:
  • საბიუჯეტო პოზიცია „სხვა ხარჯების” 2,9 მილიარდიან 2,1 მილიარდამდე შემცირება – დანაზოგი 800 მილიონი ლარი.
  • ყველაზე გაუმჭვირვალე საბიუჯეტო ხარჯვითი პოზიცია რომელიც 2020 და 2021 წლებშიც კი ნაკლები იყო ვიდრე ჩვენ ვტოვებთ.
  • საბიუჯეტო პოზიცია „სუბსიდიების” 1,05 მილიარდიდან 700 მილიონამდე შემცირება – დანაზოგი 300 მილიონი ლარი
  • სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილიდან “საქონელი და მომსახურება” 2,9 მილიარდიდან 2,4 მილიარდამდე შემცირება – დანაზოგი 500 მილიონი ლარი

შემცირება არ ეხება სახელფასო პარამეტრებს და მართლწესრიგის და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს.

დარჩენილი 2,4 მილიარდი ლარი დაახლოებით 1 მილიარდი ლარით აღემატება 2020 წლის დანახარჯებს იდენტური სერვისებისთვის.

ჯამური დანაზოგი იქნება 1,6 მილიარდი ლარი.