ისრაელი აცხადებს, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა.
ინფორმაცია, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა, თავდაპირველად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 6 მარტს გაავრცელა.
დღეს, 20 აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), „მოსადმა“ (ისრაელის დაზვერვის სამსახური) და „შინ ბეტმა“ (ისრაელის უსაფრთხოების სამსახური).
განცხადებაში წერია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელიც როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, აზერბაიჯანში სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმებს გეგმავდა.
უწყებების განცხადებით, მთავარი გეგმა, სხვა სამიზნეებთან ერთად, მოიცავდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენზე იერიშს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
ერთობლივი განცხადების თანახმად, დაჯგუფების საქმიანობა მას შემდეგ აღიკვეთა, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მისი წევრები ოპერატიული საქმიანობის მომზადების პროცესში დააკავა.
განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შეტანილი ფეთქებადი დრონები და სხვა საბრძოლო მასალა, ასევე სადაზვერვო მასალები მომავალი სამიზნეების შესახებ, რომელთა შორისაც არის ისრაელის საელჩო და ბაქოს სინაგოგა.
ისრაელის სპეცსამსახურების თქმით, ოპერატიული მუშაკები ირანის პირდაპირი მითითებით მოქმედებდნენ და ჩართულნი იყვნენ სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაში თვალთვალისა და ფოტოგადაღების გზით. ქსელის მხილებას წინ უძღოდა ერთობლივი სადაზვერვო მუშაობასა და გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა IRGC-ის საგარეო ოპერაციების ფარული აპარატის ფართო სტრუქტურა.
ისრაელის მხარის განცხადებით, აღნიშნულ აპარატს ხელმძღვანელობდნენ IRGC-ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ოპერაციებზე და კოორდინაციას უწევდნენ აგენტების გადაბირებასა და მომზადებას საზღვარგარეთ ისრაელის, ებრაულ და დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში დაჯგუფების გაუვნებელყოფა იყო ნაწილი უფრო ფართო ძალისხმევისა, რომელიც ამ ქსელთან დაკავშირებული თავდასხმების აღკვეთას ისახავს მიზნად.
„მოსადი“, IDF და „შინ ბეტი“ აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და საზღვარგარეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმის მცდელობების აღსაკვეთად.