კალასი სანქციებზე: ბევრ საკითხზე, რომლებსაც უნგრეთი ბლოკავდა, დისკუსიებს განვაახლებთ, დადებითი შედეგის იმედი გვაქვს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე უპასუხა „ევროსკოპის“ კითხვას საქართველოს შესახებ.

კითხვა ეხებოდა უნგრეთის ახალ მთავრობას და შესაძლო სანქციებს „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელსაც მანამდე ვიქტორ ორბანის მთავრობა ბლოკავდა.

კაია კალასმა თქვა:

„რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის ნაცვლად. როცა მთავრობა ფორმირდება, შეგვეძლება, მათ დავუსვათ ეს შეკითხვები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი საკითხზე, რომელიც იბლოკებოდა, დისკუსიებს გავხსნით და დადებითი შედეგების მოლოდინი გვაქვს“.

საქართველოს საკითხს ლუქსემბურგში დღეს სამხრეთ კავკასიის საკითხების კონტექსტში განიხილავენ.

განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე იმ ფონზე, რომ მაისში ერევანში ევროპის პოლიტიკური კომიტეტის სამიტია დაგეგმილი.

საქართველოს საკითხი მინისტრებმა 16 მარტის საბჭოს სხდომაზეც დააყენეს. განხილვის ინიციატორები გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ. თუმცა მაშინ კაია კალასმა თქვა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხს შემდეგ სხდომაზე უფრო დეტალურად შეეხებოდნენ.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ იმას, რაც ხდება საქართველოში. ჩვენი მიდგომა ამის მიმართ ძალიან მტკიცეა: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს“, – თქვა დღეს შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა.

ლუქსემბურგშია პროპაგანდისტული სამთავრობო ტვ „იმედის“ წარმომადგენელი, რომელმაც კალასს „ქართული ოცნების“ გადაცდომის ერთი მაგალითის დასახელება სთხოვა.

„საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის მკაფიონი ვიყავით: ოპოზიციის მიმართ რეპრესიები, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები ჩვენთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვჭირდება რეალური პროგრესის ნახვა“, – თქვა პასუხად კაია კალასმა.