მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმირ პლახატნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელი მან დახურული ტიპის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.
სასამართლომ პლახატნიუკი დამნაშავედ ცნო 2009-დან 2019 წლამდე პერიოდში დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაში. სასამართლოს განცხადებით, მან შექმნა და სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელმაც ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, მათ შორის თაღლითობა და ფულის გათეთრება: კერძოდ, მოლდოვის რესპუბლიკის საბანკო სისტემიდან ფინანსური სახსრების მოპარვა და მათი შემდგომი ლეგალიზაცია.
ის ასევე დამნაშავედ სცნეს განსაკუთრებით დიდ თაღლითობაში. კერძოდ, 2014-2015 წლების პერიოდში, მსჯავრდებულმა, ილან შორის მიერ მართული კრიმინალური ორგანიზაციის ჩართულობითა და შუამავლების მეშვეობით თაღლითურად მიიღო სესხები საბანკო დაწესებულებებიდან. ამით სახელმწიფოს, მიადგა მატერიალური ზიანი 39,283,949 აშშ დოლარისა და 3,518,705 ევროს ოდენობით.
ოლიგარქმა სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს 57 მილიონი დოლარი და 5 მილიონი ევრო.
გადაწყვეტილების გასაჩივრება პლახატნიუკს სააპელაციო სასამართლოში შეუძლია.
ვლადიმირ პლახატნიუკის ექსტრადირება მოლდოვაში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. ის საბერძნეთში დააკავეს.
2025 წლის 7 თებერვლიდან მოლდოველი ოლიგარქი ინტერპოლით იყო ძებნილი.
მოლდოვაში ვლადიმირ პლახატნიუკი იყო „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, მანამდე – ქვეყნის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე იყო პარლამენტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლამდე, მანამ, სანამ ხელისუფლებას პროდასავლური გუნდი დაიკავებდა, პლახატნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას. ის მოლდოვის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც მოლდოვის მართვა პროდასავლურმა ხელისუფლებამ გადაიბარა, პლახატნიუკმა მოლდოვა დატოვა. ის თურქეთში ცხოვრობდა.
ვლადიმირ პლახატნიუკი სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.