კობახიძე მდინარაძის თანამდებობაზე: ეს არის მაღალი რანგი, შეიძლება, უფრო მაღალი, ვიდრე სუსის უფროსი

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძის სუსის ხელმძღვანელობიდან მოხსნასა და ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშვნაზე, „დაახლოებით, ორი კვირაა მსჯელობდნენ“ და როცა გადაწყვეტილება მიიღეს, საზოგადოებას მაშინ გააცნეს.

„ჩვენ ვმსჯელობდით ამასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება როცა მივიღეთ, მაშინ გავაცანით საზოგადოებას. ჩვენ დაახლოებით, ორი კვირაა ვმსჯელობთ ამ თემასთან დაკავშირებით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, გავუზიარეთ საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ თავად მამუკა მდინარაძემ 23 აპრილს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „თითქმის 8 თვის წინ გადაწყდა, რომ ძალოვან სისტემას გაუწევდა კოორდინაციას“.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძისთვის 20 აპრილს გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებას, 21 აპრილს კი მისი ახალ თანამდებობაზე წარდგენას, კობახიძე ამბობს, რომ მდინარაძე მისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ წოდებას იმსახურებდა.

მამუკა მდინარაძეს 7 თვეში 7 სხვადასხვა წოდება მიენიჭა.

„მიგვაჩნია, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონკრეტულად სუსში, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სამსახურში საქმიანობდა, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების კუთხით, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით ამ სამსახურში, ასევე დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

„ოცნების“ ლიდერი ამტკიცებს, რომ მდინარაძე დღეს უფრო მაღალი რანგის თანამდებობაზეა, ვიდრე თუნდაც სუსის უფროსის თანამდებობა იყო.

„დღეს ის არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა. რეალურად, ფორმალურად შეხედავ თუ არაფორმალურად, ეს არის მაღალი რანგი, შეიძლება ითქვას, უფრო მაღალი რანგი, მიუხედავად იმისა, რომ სუსის უფროსი არის ძალიან მაღალი რანგის თანამდებობა, ამის მიუხედავადაც კი შეიძლება ითქვას, რომ კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული. ის იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბუნებრივია [კანცელარიაში იქნება მისი კაბინეტი]“, – განაცხადა კობახიძემ.

21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

მთავრობის სტრუქტურას ემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობა და მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერი იქნება.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩიეს. მან თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომლის წინა უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების საქმეზე პატიმრობაშია.