თამაზ გოლოევი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი გუშინ წაუყენეს.
„ჯაშუშობას აბრალებენ… მეც ტელევიზიით გავიგე და არც მჯერა, სწავლობდა და გზა რომ გაიხსნებოდა [გადმოდიოდა], 10 დღით ხომ გვიღებენ გზას, ხან ვინ რას აბარებდა, ხან სახლისთვის რამე მოჰქონდა. ბოლო კურსზეა, ამთავრებს”, – ამბობს დაკავებულის დედა ტვ პირველთან საუბარში.
დაკავებული პირის ვინაობა პირველად „რადიო თავისუფლებამ” გაასაჯაროვა. როგორც მედია წერს, 27 წლის თამაზ გოლოევი, მეტსახელად გოლოთი, ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზ გოლოევი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
როგორც დაკავებულის დედა მედიასთან ჰყვება, თამაზ გოლოევი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზორიდან გაიგო. მოგვიანებით, თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, „ ეგეთი რამე [თვალთვალი] რომ ყოფილიყო, ასე თავისუფლად არ ივლიდა“ – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან” გოლოევის დედა.
22 აპრილს სუსმა თქვა, რომ ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
როგორც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება; – საქართველოში სტრატეგიული ობიექტების – მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის მუხლით გოლოევთან ერთად ბრალი წარუდგინა კიდევ 2 პირს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
სამივე პირს ბრალდება 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 8-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუსს განცხადებაში არ დაუსახელებია ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც აღნიშნული პირები მოქმედებდნენ, მოგვიანებით, სახელისუფლებო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ.