ეკონომიკის სამინისტრომ ჩინეთში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩამოყალიბდება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი; 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. ფრენას ავიაკომპანია China Eastern Airlines შეასრულებს.
პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას.
„კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათაშორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე, როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას…
…[შანხაიდან პირდაპირი ფრენები] გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს და სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, დივერსიფიცირებას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას ჩვენს ქვეყანაში უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა პრესრელიზის მიხედვით.