„მინდა, ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ" | დასკვნითი სიტყვა ირაკლი ჩხივირვიას საქმეზე

პუბლიკა

„ირაკლი ჩხვირკვია 6 წლის იყო, აფხაზეთიდან როცა მოუწია წამოსვლა, სახლში ელოდება შშმ პირი დედა და ღრმად მოხუცებული შშმ პირი ბებია, რომელთა ერთადერთი მარჩენალი და მომვლელი ირაკლი იყო…

ამას იმისთვის არ გეუბნებით, რომ ირაკლი შეგეცოდოთ, არავის შესაცოდებელი არაფერი არ სჭირს. უბრალოდ მინდა იმ ტრაგედიის მასშტაბები დაგანახოთ, რაც მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უხეიროდ ჩატარებულ გამოძიებას და ხელისუფლების ნებას – გაუსწორდეს პოლიტიკურ ოპონენტებს”, – ამის შესახებ განაცხადა დასკვნითი სიტყვისას ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბორის ყურუამ.

„ზოგადად ადვოკატები დასკვნით სიტყვას იწყებენ ხოლმე ფრაზით – ეს არის საქმე ამაზე და ამაზე; რაღაც საინტერესო სათაურს უძებნიან. მე ვერაფერი მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ეს საქმე საერთოდ არ არის, ეს არის უსაქმურობა, ძირითადად გამოძიების უსაქმურობა”, – თქვა მან დასკვნითი სიტყვის დასაწყისში და განაგრძნო:

„როგორც სერ უილიამ ბლექსტოუნი ამბობდა, ჯობს ათი დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს… მე არ ვიცი რას იტყოდა სერ უილიამი 10 უდანაშაულოზე, რომლის საქმესაც ჩვენ აქ განიხილავთ, მე ამ ათიდან ერთ უდანაშაულოზე მინდა გესაუბროთ.

მოხდა სწორედ ის, რასაც მე ჩემს შესავალ სიტყვაში დაგპირდით რომ მოხდებოდა. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ”, – თქვა მან.

მისი თქმით, 39-ტომიან საქმეში ირაკლი ჩხვირკიას სულ რამდენიმე ფურცელი ეხება, „პოემასავით ბრალის დადგენილებაშიც კი ერთი საცოდავ აბზაცზე მეტი ვერ გაიმეტეს მისთვის…”.

რა წერია ბრალის დადგენილებაში

ადვოკატმა ამოიკითხა აბზაცი ბრალდების შესახებ დადგენილებიდან – „ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ირაკლი ჩხვირკია, იგი სხვა პირებთან ერთად სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის ადმინისრაციის შენობის ხელში ჩაგდების, ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით შეიჭრა ეზოში, დაზიანებულ ჭიშკართან ყოფნის დროს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მოუწოდებდა გაეგრძელებინათ ძალადობრივი მოქმედებები და შეჭილიყვნენ ეზოში. იგი ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს”.

„პირველი თვალშისაცემი ტყუილი გახლავთ ის, რომ ირაკლი ჩხვირკია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში იმყოფებოდა, 1 წამით მაინც. მათ მიერვე წარმოდგენილი მასალებით ჩანს, რომ ირაკლი ეზოს ტერიტორიაზე არ შესულა. ანუ ყველაზე დიდი წინადადება, რაც ამ აბზაცში წერია არის ტყუილი…

გავაგრძელოთ – იღებდა აქტიურ მონაწილეობას ძალადობრივ მოქმედებაში და ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებსო – ამის მტკიცებულება სად არის? იქნებ ვიდეოა სადმე, სადაც ძალადობს? ღობეს ეჯაჯგურება, რამეს ანგრევს, ვინმეს ურტყამს?! იქნებ მოწმეა სადმე, ვინც ამას დაგვიდასტურებს? – ექნება ბრალდების მხარეს რეპლიკის საშუალებას და მე ამაზე პასუხს დიდი სიამოვნებით მოვისმენ.

არ არსებობს მოწმე, 135 მოწმიდან, რომელიც არათუ იმას დაადასტურებდა, რომ ირაკლი ჩხვირკიამ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არამედ საერთოდ რამეს იტყოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. ჰაბიტოსკოპიის ექსპერტს და დამკავებელს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა”, – თქვა მან.

ადვოკატმა საქმეში ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ არსებულ ვიდეოკადრზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარმოდგენილი 14-წამიანი კადრით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულებრივ ქმედებას არ სჩადის.

„აბა რა გვაქვს საქმეში? – ერთი, 14-წამიანი ვიდეო, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩნდება ირაკლი ჩხვირკია და არ აშავებს არაფერს, არ ძალადობს, ღობეს არ ეჯაჯგურება, პრეზიდენტის სასახლის ეზოში არ შედის… ამ ერთი საცოდავი ვიდეოს ნაგლეჯით უნდა ბრალდების მხარეს, რომ ადამიანი ორ ბრალდებაში გაამტყუნოთ?”, – თქვა მან.

მისი თქმით, თუ ამ ვიდეოს მოცემულობად მივიღებთ, გამოდის, რომ ირაკლი ჩხვირკიამ დაამყარა რეკორდი – 14 წამში შეძლო სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასთან ერთად აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

„…ირაკლიმ არა ერთხელ დააფიქსირა, მათ შორის, მისი დაკითხვისას, რომ ხელის ჰაერში ქნევა ძალადობისკენ მოწოდება კი არა დახმარების თხოვნაა, რადგან წიწაკის სპრეის ღრუბელმა თვალი დაუწვა. როცა ხედავს, რომ არავინ მისი დამხმარე არ არის, ტოვებს ტერიტორიას. მისი ჩვენება ლოგიკური და ზედმიწევნით თანმიმდევრული იყო”, – თქვა ადვოკატმა.

მისი თქმით, ამ ეპიზოდის ერთ რომელიმე დანაშაულად შეფასებაც კი, და ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ ძალიან უნდა თეორიულ შემფასებელს, რომ ირაკლი ჩხვირკია ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა ამ შემფასებელსაც კი ხელები აქვს შეკრული და რაც არ უნდა ტენდენციური და მიკერძოებული იყოს ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მის მონაწილეობას ვერ დაადგენს, რადგან ამგვარი ეპიზოდის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში – „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმეში კი არა, არსად არ დევს, არ მომხდარა და იმიტომ”, – თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე-7 ნაწილით –  გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

„ბრალდების მხარემ მოიტანა 2 აშკარა და უსაფუძვლო ტყუილი: ძალადობაში აქტიური მონაწილეობა და ეზოში შეჭრა და 1 ეჭვი, რომ ის 1 წამის განმავლობაში ჰაერში ხელის მოქნევით ვიღაცებს მოუწოდებდა ძალადობისკენ.

ტყუილს თავი დავანებოთ, ისედაც აშკარაა, ეჭვი დადასტურდა? არ დადასტურებულა. ვინც თვლის, რომ ვცდები, მარტივად შეუძლია მითხრას სად, როგორ, რა ვითარებაში და რით დადასტურდა ეს ეჭვი. მარტივი შეკითხვებია, ბრალდებულს აქვს ამის ცოდნის უფლება.

სასამართლო ვალდებულია გააქარწყლოს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან და, რაც მთავარია, პირის ბრალეულობასთან მიმართებით წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი”, – თქვა მან.

ადვოკატის თქმით, გამოძიება უნდა ყოფილიყო ყოველმხრივი და მიუკერძოებელი, თუმცა, „ჩვენდასამწუხაროდ ამგვარი არ ყოფილა”.

„ამას მოწმობს პროცესზე და საზოგადოებაში გაჩენილი უამრავი, ლეგიტიმური შეკითხვა და რაც მთავარია იმ კამერების ჩანაწერების არ არსებობა, რომლებსაც შეეძლოთ შემთხვევის ადგილის სრული და უწყვეტი კადრის გადაღება. თუმცა რას ვიზამთ, უცნაური ჰავაა საქართველოში, პოლიციის და მთავრობის ყველა ვიდეოკამერა ფუჭდება ყველაზე საინტერესო მომენტებში. ალბათ ჰაერის ბრალია”, – თქვა მან.