„რითეილ ასოციაცია“, რომელიც მსხვილი სუპერმარკეტების ქსელს აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაცია გაეცნო საქართველოს პარლამენტის კომისიის დასკვნას, რომელიც მოიცავს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას.
ასოციაცია განცხადებაში წერს, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
„აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე.
შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები.“ – ნათქვამია განცხადებაში.