ევროპული დაზვერვის ცნობით, პუტინი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — მას სამხედრო გადატრიალებისა და მკვლელობის ეშინია

პუბლიკა

OCCRP-ის (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) რუსულმა პარტნიორმა, „Важные истории“-მ (Important Stories), მოიპოვა ევროკავშირის დაზვერვის სააგენტოს ანგარიში, რომელიც რუსეთს ეხება და რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის გარშემო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, ვინაიდან სამხედრო გადატრიალებისა და მკვლელობის ეშინია.

OCCRP წერს, რომ ანგარიში მათ რუსულმა სამთავრობო წყარომ მიაწოდა. ჟურნალისტებმა დამოუკიდებლად გადაამოწმეს ანგარიშში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება. უპრეცედენტო ზომები ბოლო რამდენიმე კვირაა, შემოიღეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლში „2026 წლის მარტის დასაწყისიდან“ გამოცხადებულია „მაღალი მზადყოფნა“ „რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ან გადატრიალების მცდელობის რისკის გამო“.

„კერძოდ, [პუტინს] ეშინია, რომ ის შესაძლოა დრონებით მოკლან რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებმა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი სერგეი შოიგუ მოხსენიებულია, როგორც „პოტენციური დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორი“.

დოკუმენტი ასევე აღწერს დაძაბულ შეხვედრას, რომელიც პუტინმა 2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტის მკვლელობის შემდეგ მოიწვია – 2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში ააფეთქეს მაღალი რანგის რუსი ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი. რუსული გამოძიება მკვლელობაში უკრაინულ კვალს ეძებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე უსაფრთხოების მაღალჩინოსნები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მსგავსი თავდასხმების აღკვეთის ჩავარდნაში.

კერძოდ:

დოკუმენტის თანახმად, თანამშრომლებს, რომლებიც პუტინთან ახლოს მუშაობენ, აღარ აქვთ მობილური ტელეფონებით სარგებლობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების უფლება. ეს ფედერალური დაცვის სამსახურის (FSO) მიერ დაწესებული მკაცრი ზომების ნაწილია.

მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის წევრების სახლებში დამონტაჟდა სათვალთვალო სისტემები.

პუტინმა და მისმა ოჯახმა შეწყვიტა მოსკოვის ოლქის რეზიდენციებში სტუმრობა.

პუტინი წელს არცერთ სამხედრო ობიექტზე არ გამოჩენილა.

გარდა ამისა, მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოსკოვის ცენტრში დაგეგმილ აღლუმზე მძიმე სამხედრო ტექნიკა არ იქნება წარმოდგენილი. კრემლმა ეს გადაწყვეტილება უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხით ახსნა.

ღონისძიებას დაესწრება უჩვეულოდ მცირე რაოდენობის სტუმარი.