საქართველოს რკინიგზის „ისტორიულ განახლებაზე“ 1.7 მლრდ დოლარი დაიხარჯება

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზაში შემდეგი 10 წლის განმავლობაში „მასშტაბური ინვესტიციების” განხორციელება იგეგმება, რომლის საორიენტაციო მოცულობაც 1.7 მლრდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თანხა „სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული”.

როგორც პრეზენტაციაზე კობახიძემ განაცხადა,  პირველად ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი გეგმა, სადაც რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასახული. 

„საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს”, – განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დაიწყება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები და რკინიგზას დაემატება ახალი მიმართულებები. კობახიძის თქმითვე, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზიც.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რკინიგზაში გარკვეული თანხა დაიზოგა, რაც თავად რკინიგზასვე მოხმარდება. მათ შორის, ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მლნ ლარი და  24 მილიონი ლარი – კადრების ოპტიმიზაციის (1 000 საშტატო ერთეული) ხარჯზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რკინიგზაში ასევე „იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები”, რომლის ხარჯზეც რკინიგზას დამატებით 18.5 მილიონი ლარი დაუბრუნდება.

ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარების კონტექსტში, კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის „პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული”.

საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროდან მარიამ ქვრივიშვილი და რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძეც. როგორც აბაშიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საოპერაციო ოპტიმიზაციის ხარჯზე სულ 231 მილიონი ლარი დაიზოგა. 

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ, სატვირთო გადაზიდვებისას, სატრანზიტო დრო სრულ მაგისტრალზე განახევრდება, 24 საათიდან – 12 საათამდე შემცირდება და თუ აქამდე 15 მლნ ტონა ტვირთის გამტარიანურარობა ჰქონდა, განახლების შემდეგ ის გაორმაგდება. 

„წელს უკვე ვნიშნავთ თბილისი – ახალციხის მიმართულებაზე ახალ რეისს, ასევე დაემატება თბილისი- ქუთაისის მიმართულებაზე რეისი”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ სამგზავრო მატარებლებზე. 

მისივე თქმით, წელს ზაფხულში  უკვე ხელშესახები იქნება შედეგი და თბილისი – ბათუმის სამგზავრო მატარებლის რეისის დრო 5 საათ-ნახევრიდან 4-საათამდე შემცირდება.