საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
მასში წარმოდგენილია, თუ რომელ აქტივებში აქვს თანხა დაბანდებული სებს.
ანგარიშის მიხედვით, რეზერვები განთავსებულია შემდეგი სახის აქტივებში:
საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბანკები: რეზერვების ნაწილი (ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები) ინახება მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო კომერციულ ბანკებსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები: რეზერვების უდიდესი ნაწილი ინვესტირებულია განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში.
მათ შორისაა:
- აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის (US Treasury) ფასიანი ქაღალდები.
- ევროზონის ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ბელგია, ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, პორტუგალია) სამთავრობო ობლიგაციები.
- კანადის სამთავრობო ფასიანი ქაღალდები.
რეზერვები ასევე განთავსებულია ისეთი ინსტიტუტების ფასიან ქაღალდებში, როგორიცაა:
- მსოფლიო ბანკი (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
- სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სააგენტოებში, მაგალითად: KfW – გერმანია, CADES – საფრანგეთი, KEXIM – კორეა.
- საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (BIS): რეზერვების ნაწილი მართვისთვის გადაცემულია BIS-ისთვის და განთავსებულია მის საინვესტიციო კალათაში (BISIP), რომელიც მოიცავს, მათ შორის, ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციებს.
- მონეტარული ოქრო: ეროვნული ბანკი ფლობს მონეტარულ 229,478 უნცია ოქროს (7.1 ტონა), რომელიც საერთაშორისო რეზერვების შემადგენელი ნაწილია.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF): რეზერვების ნაწილი განთავსებულია სსფ-ში ნასესხობის სპეციალური უფლების (SDR) ანგარიშზე.
კონტრაჰენტების შერჩევისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მათ საკრედიტო რეიტინგებს.
სავალო ინსტრუმენტებისთვის მინიმალური რეიტინგი, როგორც წესი, განსაზღვრულია A- დონეზე, ხოლო საბანკო ანგარიშების კონტრაჰენტებისთვის – BBB- დონეზე.
გეოგრაფიულად რეზერვები დივერსიფიცირებულია და განთავსებულია აშშ-ში, ევროკავშირში, კორეაში, კანადასა და საერთაშორისო ინსტიტუტებში.