1 ივლისიდან მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, მილიონ ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი

პუბლიკა

2026 წლის 1 ივლისიდან, იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, 1 მილიონ ლარამდე  სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარში) იქნება შესაძლებელი.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა“, – წერს ეროვნული ბანკი.

ამ დრომდე ეს ზღვარი 750 000 ლარია – თუ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი ლარში აქვს, სურს, აიღოს სესხი, რომელიც ამ თანხაზე ნაკლებია, ბანკი ვალდებულია, ის მხოლოდ ლარში გასცეს.

ამასთან, სების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესხების რაოდენობა წლიურად თითქმის 15%-ით გაიზარდა.

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ე.წ. სარეზერვო ნორმა 5%-ით შეუმცირა.

„გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო.

თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები“, – ნათქვამია განცხადებაში.