რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომელიც საკრუიზო გემზე აფეთქდა

პუბლიკა

საკრუიზო გემი MV Hondius, რომლის ბორტზეც ვირუსი, სახელად ჰანტავირუსი აფეთქდა, კაბო-ვერდეს სანაპიროდან კანარის კუნძულებისკენ მიემართება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გემზე უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი ევროპის კლინიკებში გადაიყვანეს.

BBC წერს, რომ დადასტურდა ჰანტავირუსის ე.წ „ანდების შტამი“, რომელიც განსაკუთრებით საშიშია, რადგან სხვა შტამებისგან განსხვავებით, ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ-ის ჯორჯიისა და არიზონას შტატების) უწყებები აქტიურად აკვირდებიან იმ მგზავრებს, რომლებმაც ხომალდი ვირუსის აფეთქების დადასტურებამდე დატოვეს.

რაც შეეხება საკარანტინო ზომებს – გემი ესპანეთში, ტენერიფეს პორტში ჩასასვლელად ემზადება, სადაც მგზავრებს მკაცრი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ. ესპანეთის მოქალაქეებს მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, ხოლო უცხოელებს თავიანთ ქვეყნებში დააბრუნებენ.

საკრუიზო გემი MV Hondius არგენტინიდან დაახლოებით ერთი თვის წინ, ანუ აპრილის დასაწყისში გავიდა. 11 აპრილს გემზე პირველი აფეთქება დაფიქსირდა – ბორტზე გარდაიცვალა ნიდერლანდელი მამაკაცი, თუმცა მისი დიაგნოზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 24 აპრილს მისმა ასევე ნიდერლანდელმა ცოლმა გემი დატოვა და სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც ის 26 აპრილს გარდაიცვალა. 2 მაისს გემზე გარდაიცვალა მესამე ადამიანი – გერმანელი ქალი.

მაისში გემზე დადასტურდა ჰანტავირუსის შემთხვევები, განხორციელდა პაციენტების ევაკუაცია და დაიწყო გლობალური მონიტორინგი.

ვინაიდან ინფიცირებულმა პირებმა გაიარეს სამხრეთ აფრიკა და ისარგებლეს საერთაშორისო ავიახაზებით, კონტაქტების მოძიება ახლა რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების პრიორიტეტია.

მიუხედავად მკაცრი ზომებისა, კანარის კუნძულების ავტონომიური ხელისუფლება გემის მიღებას ეწინააღმდეგება, თუმცა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს, რადგან ვირუსის გადაცემისთვის საჭიროა „უშუალო ფიზიკური კონტაქტი“ და არა უბრალოდ სიახლოვე.

ამ დროისთვის გემზე 146 ადამიანი რჩება.

ვირუსის შესახებ

ჰანტავირუსის ძირითადი გადამტანები მღრღნელები (თაგვები, ვირთხები) არიან. ვირუსი ადამიანზე გადადის ინფიცირებული მღრღნელის შარდთან, ფეკალიებთან ან ნერწყვთან კონტაქტით.

გეოგრაფიული მდებარეობისა და შტამის მიხედვით, ჰანტავირუსი ორ სხვადასხვა დაავადებას იწვევს:

  • ჰანტავირუსული პულმონალური (ფილტვის) სინდრომი (HPS/HCPS): ძირითადად გავრცელებულია ამერიკის კონტინენტზე. ის აზიანებს ფილტვებსა და გულს. სწორედ ეს ფორმაა დაკავშირებული მიმდინარე აფეთქებასთან. მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და 20%-დან 40%-მდე მერყეობს.
  • ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS): დამახასიათებელია ევროპისა და აზიისთვის. ამ შემთხვევაში ვირუსი უპირატესად თირკმელებსა და სისხლძარღვებს აზიანებს. სიკვდილიანობა შედარებით დაბალია (15%-ზე ნაკლები).

ჰანტავირუსის სიმპტომები გრიპის სიმპტომების მსგავსია:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • კუნთების ძლიერი ტკივილი;
  • თავბრუსხვევა და შემცივნება;
  • მოგვიანებით კი სუნთქვის უკმარისობა.

აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მგზავრების მკაცრი კონტროლი გრძელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული კოვიდ-პანდემიის მსგავსი ლოკალური აფეთქებები.