რუსეთმა აკრედიტაცია გაუუქმა უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებსაც 9 მაისი უნდა გაეშუქებინათ

პუბლიკა

რუსეთის ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებსაც მოსკოვში, წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმი უნდა გაეშუქებინათ, აკრედიტაციები გაუუქმა. ღონისძიებაში მონაწილეობას მხოლოდ რუსული მედია მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel აქვეყნებს.

„აღლუმის გაშუქების ფორმატი შექმნილი სიტუაციის გამო შეიცვალა. შესაბამისად, უცხოური მედიები, რომლებსაც უკვე მიღებული ჰქონდათ აკრედიტაცია, იქ აღარ დაიშვებიან“, – ციტირებს გერმანული გამოცემა კრემლის თანამშრომლის სიტყვებს.

Der Spiegel-ის თანახმად, აკრედიტაციები გაუუქმდათ გერმანულ მედიებს – ARD-სა და ZDF-ს, ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია Sky-ს, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, იტალიურ ტელეარხ Rai-ს და იაპონურ ტელეარხ NHK-ს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა 9 მაისის აღლუმის ისტორიაში, როდესაც უცხოურმა მედიამ კრემლისგან ჯერ აკრედიტაცია მიიღო, შემდეგ კი გაუუქმდა.

ამავე დროს, 9 მაისს მოსკოვში სრულად გაითიშება მობილური ინტერნეტი და SMS შეტყობინებები, რათა „გამარჯვების დღის დღესასწაულმა უსაფრთხოდ ჩაიაროს“.

გარდა ამისა, კრემლი ირწმუნება, რომ წელს 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე უცხოელი სტუმრები არ მიუწვევია.

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა თქვა, რომ „წინა წლისგან განსხვავებით, წელს მათ შეგნებულად არ მიიწვიეს უცხოელი სტუმრები სადღესასწაულო ღონისძიებებზე“.

უშაკოვის თქმით, რამდენიმე უცხოელმა ლიდერმა დასწრება საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.

7 მაისს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ სტუმრების სია, რომლებიც, სავარაუდოდ, აღლუმს დაესწრებიან.

მათ შორის არიან:

  • ბადრა გუნბა – აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი;
  • ალან გაგლოევი – ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი;
  • ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსის პრეზიდენტი;
  • თონგლუნ სისულითილაოსის პრეზიდენტი;
  • სულთან იბრაჰიმი – მალაიზიის მეფე;
  • რობერტ ფიცო – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი;​
  • სინიშა კარანი – სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი.

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები რუსეთის რეგიონული დედაქალაქების მესამედში არ გაიმართება. 37 რეგიონში აღლუმი ჩატარდება სამხედრო ტექნიკის გარეშე ან სხვა შეზღუდვებით, ხოლო სულ მცირე 15 რეგიონში აღნიშვნა სრულად გაუქმდა.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად გამოაცხადა „ზავი” 8-9 მაისს, ხოლო 9 მაისს მოსკოვში აღლუმის „ჩაშლის” შემთხვევაში კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმით დაიმუქრა.

4 მაისს ზელენსკიმ გამოაცხადა „სიჩუმის რეჟიმი”, რომელიც 6 მაისს, ზუსტად 00:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

რუსეთმა ეს ზავი პირველივე წუთებში დაარღვია.

„რუსეთს არ შეუწყვეტია არცერთი სახის სამხედრო აქტივობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს და „სრულად გამართლებულ რეაქციას“ 7 მაისის განმავლობაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

7 მაისს რუსეთში განაცხადეს რიგ რეგიონებსა და კერძოდ დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის შესახებ. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვამ 317 დრონი გაანადგურა. იმის შესახებ, თუ რამდენმა უპილოტო დრონმა მიაღწია მიზნამდე, რუსეთის ხელისუფლება დუმს.