მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ შშმ პირის მიმართ ტროტუარის გადაკეტვის საქმის წარმოება შეწყვიტა

პუბლიკა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ შშმ პირის მიმართ ტროტუარის გადაკეტვის საქმის წარმოება შეწყვიტა.

დავით პაპაშვილს სასამართლო გასული წლის 17 დეკემბერს ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებას ედავებოდა.

თავად დავით პაპაშვილი მხოლოდ პირველ სასამართლო პროცესს დაესწრო. როგორც მისმა ადვოკატმა ანა გახოკიძემ განაცხადა, დავით პაპაშვილი არ ადასტურებს ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებას და არ ეთანხმება სამართალდამცველების მიერ შედგენილ ოქმს.

ბოლო სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გამოკითხა დავით პაპაშვილის ექიმი, ნევროლოგი მამუკა ხაჩიძე „იმის დასადგენად, შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას.“

მამუკა ხაჩიძემ გამოკითხვისას დავით პაპაშვილს ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ მას 2020 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. დიაგნოზი – ენცეფალოპათია, მესამე სტადია.

მოსამართლემ ექიმს ჰკითხა, შეუძლია თუ არა პაპაშვილს თავისი ქმედების შედეგი სრულყოფილად გააცნობიეროს? ექიმმა უპასუხა, რომ,- „სრულყოფილად არ შეუძლია.“

დავით პაპაშვილმა „პუბლიკას“ უამბო, რომ 17 დეკემბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „ამ მთავრობის წარმომადგენლები მკლავენ!“

როგორც ის გვიყვება, შშმ პირის სტატუსი აქვს მას შემდეგ რაც სამუშაოს შესრულებისას დასუფთავების სამსახურის მოძრავი მანქანიდან გადმოვარდა, თავის მძიმე დაზიანება მიიღო და 10 დღე კომაში გაატარა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა დავით პაპაშვილისთვის ბუნდოვანია, რატომაა ტროტუარზე დგომა დანაშაული, მისი პოზიციაა რომ მას განზრახ არ შეუქმნია ხალხისთვის დაბრკოლება ტროტუარზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, ვიდეოკადრებშიც ნათლად ჩანს, რომ ქუჩა იმდენად ფართოა, რომ პაპაშვილი იქ გდომით არავის მოძრაობას არ აფერხებდა. ადვოკატის თქმით, როგორც დავით პაპაშვილი ამბობს, აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს და გაცნობიერებულად იღებს მონაწილეობას აქციების პროცესში.

ადვოკატის თქმით, პაპაშვილს აქვს პოზიცია რომ მას ტრავმის მიღების შემდგომ სათანადო დახმარება არ გაეწია. და ის საპროტესტო აქციაზე დგომით ამის გამოც გამოხატავდა პროტესტს. ადვოკატის თქმით, პაპაშვილის პოზიციაა, რომ ის „დემოკრატიული მიზნებისთვის დგას აქციაზე, არ ეთანხმება კაბალურ კანონებს და უკანონოდ მოხდა მისი იდენტიფიცირება.“

სასამართლო კიდევ ერთი შშმ პირის, დუტა ჯავახიშვილის მიმართაც აწარმოებს გზის გადაკეტვის საქმეს. ჯავახიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ 15 მაისს გამოცხადდება.