მთავრობა სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების პაკეტს ამზადებს

პუბლიკა

მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანიც, მათი თქმით, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნაა”.

ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში.

განცხადებაში აღნიშნნულია, რომ „ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს”, რომლის ფარგლებში გაძლიერდება სამშენებლო სექტორი და შესყიდვების სისტემაში გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრდება.

„ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები. ამასთან,  დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას – შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარალელურად, „მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები” – იზღუდება „არარეალისტურად დაბალი ფასებით” ტენდერებში მონაწილეობა. ცვლილებები ეხება ე.წ შავ სიასაც, ფართოვდება მისი მექანიზმი, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე და რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ლევან ჟორჟოლიანიც.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: „ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები”.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანაა, მიიღონ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასი. კობახიძის თქმითვე, მათ ამ მიმართულებით არაერთი შეხვედრა ჰქონდათ და აღნიშნულმა ცვლილებებმა მოწონება დაიმსახურა. 

„გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურად ამ ცვლილებებმა მოწონება” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.