14 მაისს რუსთაველის თეატრში გაიმართა ღონისძიება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, სადაც რუსული სიმღერები შეასრულეს, მათ შორის „კატიუშა“. მათ ასევე წაიკითხეს რუსული მწერლების და პოეტების ლექსები.
ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ინიციატივით.
რუსთაველის თეატრის დირექტორი გია თევზაძე „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ მათ რუს მსახიობებს დარბაზი იჯარით გადასცეს.
„ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, ეს „გიტისის” (რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის) სტუდენტები იყვნენ. ჩვენ არავის დაგვიკარგავს ამ ომში? ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რასაკვირველია, [მომავალშიც] მივაქირავებთ ფულის გამო”, – თქვა თეატრის დირექტორმა.
„პუბლიკა“ ცდილობს კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებასაც.