ონიანი: მდინარაძის მიერ დაანონსებული სამმართველო ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შსს-ში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს და ექნება სამართლებრივი რეაგირებაც. საქმე ეხება ნებისმიერ საჯარო სივრცეში გამოხატვას.

თამარ ონიანი ამბობს, რომ ინიციატივა ცენზურის მექანიზმად გვევლინება.

მამუკა მდინარაძის თქმით, არ იგეგმება ახალი კანონების მიღება – სამმართველო უკვე არსებული კანონების აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.

უკვე არსებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ბაზას უსვამს ხაზს თამარ ონიანიც.

„განსხვავებული აზრის სისტემატიზებული კონტროლის ინსტიტუციური მექანიზმი ინერგება, როგორც ჩანს. თუმცა, შინაარსი არახალია და მისი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, 2025 წელს შეიქმნა.

2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 173(16) მუხლი – ის საფუძველი, რითაც საჯარო პირების შეურაცხყოფის მოტივით შსს მოქალაქეებს ედავებოდა.

სწორედ ამ ცვლილებებზე გააკეთა შეფასება „ეუთო/ოდირმა“ და მიუთითა, რომ ის თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა. მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით ფიზიკურ პირებს.

პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს არ აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით გამოხატული კრიტიკისგან.

შესაბამისად, დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“, – წერს თამარ ონიანი.