ავტორები: ნეიტ ოსტილერი და არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე გამოძიება დაიწყო. 18 მაისს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნიღბიანი და შეიარაღებული პირების ჯგუფი ფაშინიანს მიმართავს:
„ჩვენ ვიცით, სად და როდის მიდიხარ […]. შენ პასუხი უნდა აგო შენს ყოველ ნაბიჯზე“.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა:
„სიძულვილითა და შეუწყნარებლობით მოტივირებულებმა, რასაც პირდაპირი ტრანსლაციის დროს ხულიგნური მოტივებიც დაემატა, გაავრცელეს ვიდეო, რომელიც შეიცავს მუქარას და ქმნის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის რეალურ საფრთხეს, რაც დაკავშირებულია მის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასთან და განპირობებულია მისი პოლიტიკური შეხედულებებით“.
კომიტეტის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მკვლელობის დაგეგმვის, იარაღის უკანონო ტარებისა და კომპიუტერული დივერსიის მუხლებით. ეს უკანასკნელი უკავშირდება იმას, რომ ეჭვმიტანილებმა „პირდაპირი ეთერის დროს ვიდეოს გასაზიარებლად შეაღწიეს შეზღუდული წვდომის კომპიუტერულ ქსელურ მონაცემებში“.
ვიდეოში, მუქარასთან ერთად, ერთ-ერთი ნიღბიანი კაცი ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის დაკარგვაში ადანაშაულებს და მას არაერთხელ უწოდებს „მატყუარას“. კაცი ასევე ამტკიცებს, რომ ფაშინიანს „სომხეთის აზერბაიჯანისთვის გადაცემა“ სურს და მოუწოდებს სომხებს, არ მისცენ მას ხმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
უცნობი პირი მთიანი ყარაბაღის დიალექტზე საუბრობდა, ხოლო მის ზურგს უკან, კედელზე, მთელი ვიდეოს განმავლობაში ჩანდა მთიანი ყარაბაღის დროშა.
მალევე ფაშინიანმა მათ საპასუხო შეურაცხყოფითა და ბრალდებებით უპასუხა – ამ პირებს „ნაძირალები“ და „საძაგლები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი მთიანი ყარაბაღიდან არიან, თუმცა „გაიქცნენ“.
„ნიღბები მოირგეს, თითქოს ძლიერი კაცები იყვნენ. მაგრამ იცით, რატომ უკეთიათ ნიღბები? იმიტომ, რომ როგორც კი მათ მოიხსნიან, დავინახავთ, რომ ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი ჯარისკაცები მიატოვა და შეშინებული გაიქცა“, – განაცხადა გაბრაზებულმა ფაშინიანმა.
„ფერარის სისწრაფით გაიქეცით. თქვენ ვინ ხართ, საერთოდ რომ ლაპარაკობთ?“, – დასძინა მან, რითაც, დიდი ალბათობით, მიანიშნა, რომ ისინი ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც 2023 წლის მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეტევის დროს გაიქცნენ.
ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მათ „სათითაოდ“ იპოვის და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაცია „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენელმა დანიელ იოანისიანმა განაცხადა, რომ ეს იყო „რუსეთის ცრუ დროშის (false-flag) ოპერაციის ნათელი მაგალითი“. მან მომხდარი შეაფასა, როგორც „კლასიკური რუსული“ ქმედება მთიანი ყარაბაღის სომხების დისკრედიტაციისთვის, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის შექმნასა და შიდა განხეთქილების გაღვივებას.
[„ცრუ დროშის“ ოპერაცია არის ფარული, დეზინფორმაციული ხასიათის ქმედება, რომლის დროსაც ერთი მხარე (სახელმწიფო, ორგანიზაცია ან ჯგუფი) ახორციელებს თავდასხმას ან დივერსიას და მიზანმიმართულად ისე ნიღბავს მას, რომ პასუხისმგებლობა სხვას — კონკრეტულ მოწინააღმდეგეს ან კონკურენტს დაეკისროს].
უფლებადამცველმა და ოპოზიციონერმა ფიგურამ, ნინა კარაპეტიანცმა კი აღნიშნა, რომ არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობაც, რომ მთელი ეს შეთქმულება თავად სომხეთის ხელისუფლების მიერ იყოს ინსცენირებული. თუმცა, მას თავისი ბრალდებების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარუდგენია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.