ევროსაბჭო: პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

პუბლიკა

ევროსაბჭოს 2025 წლის სასჯელაღსრულების სტატისტიკის თანახმად, პატიმრების მაჩვენებლით ევროპაში აღმოსავლეთ ევროპა ისევ ლიდერობს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის თურქეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და საქართველოში.

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბერს საქართველოში იყო 8,592 პატიმარი, იმ ადამიანების ჩათვლით, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, საბოლოო განაჩენამდე პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

შესაბამისად, ევროსაბჭოს თანახმად, მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 231.9-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელთან (110) შედარებით „ძალიან მაღალ“ მაჩვენებლად ითვლება.

ამავე დროს, ანგარიშის მიხედვით 2015-დან 2025 წლამდე პატიმრების რაოდენობა 15.5%-ით შემცირდა. ბოლო პერიოდში, 2024-დან 2025 წლამდე შემცირდა 11.0%-ით.

ევროსაბჭო მიუთითებს, რომ 2024 წელს საქართველომ 953 ამნისტია და 688 ინდივიდუალური შეწყალება გამოაცხადა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს:

საქართველოში:

  • პატიმართა საშუალო ასაკია 39 წელი;
  • 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით ციხეში იყო 74 არასრულწლოვანი (პატიმართა საერთო რაოდენობის 0.9%);
  • 50 წლის ან უფროსი ასაკის პატიმართა პროცენტული მაჩვენებელი მიჩნეულია „მაღალ“ ნიშნულად;
  • პატიმართა საერთო რაოდენობის 4.4%-ს (377 პატიმარი) ქალები შეადგენენ, რაც კლასიფიცირებულია როგორც „დაბალი“ პროცენტული მაჩვენებელი;
  • პატიმართა 11.9% (1,020 პატიმარი) უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც კატეგორიზებულია როგორც „ძალიან დაბალი“ მაჩვენებელი ევროპულ მედიანურ მაჩვენებელთან (17.0%) შედარებით.

ციხეების ტევადობა და სიმჭიდროვე

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში პატიმრებისთვის არის ჯამში 12 332 ადგილი. სიმჭიდროვე არის 69.7 პატიმარი ყოველ 100 ადგილზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საერთო გადატვირთულობა არ ფიქსირდება. სისტემაში არის 2,918 საკანი, სადაც ერთ საკანზე საშუალოდ 2.9 პატიმარი მოდის. ღამის გათევა ინდივიდუალურ (ცალკეულ) საკნებში სტანდარტს არ წარმოადგენს.