ვისბადენის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ორიოდე კვირის წინ დასრულდა, ორი ქართული ფილმი უჩვენეს: საკონკურსო პროგრამაში თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის “ქართლის ცხოვრება” (რომელიც სხვათა შორის, 20026 წელს ამსტერდამის ცნობილი საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური სექციაში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა) და პარალელურ პროგრამაში, ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი “სინდისის პატიმრები”, რომელშიც 11 ქართველი რეჟისორის მოკლე ისტორიები 11 პოლიტიკურ პატიმარზე, ერთსაათიან, საკმაოდ ვრცელ და დოკუმენტურად მნიშვნელოვან ამბებად არის აკინძული.

ფილმების შესახებ ოდნავ ვრცლად ქვემოთ მოგითხრობთ, ამჯერად კი თავად ფესტივალის ისტორიის შესახებ: გერმანიის ქალაქ ვისბადენში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კინოფესტივალი (ორიგინალური სახელწოდებაა GoEast), 2001 წელს დაარსდა და მისი ინიციატორი გერმანიის კინოინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, კლაუდია დილმანი იყო. რაც პირველ რიგში, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკურ, იდეოლოგიურ თუ კულტუროლოგიურ ტენდენციებს. თავად კლაუდია დილმანის ისტორიული ფრაზა – „დროა, აღმოავაჩინოთ ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების აზრები, მითები, ხატები და ისტორიები“, ფაქტობრივად, ფესტივალის სლოგანად იქცა. ვისბადენის კინოფესტივალი ყოველ წელს, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართება.
ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპულ კინოფესტივალებს შორის, ვისბადენი ქართული კინოსათვის ალბათ, ყველზე იღბლიანი და წარმატებულია. მისი არსებობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, გამარჯვებულები გახდნენ: ლევან ზაქარეიშვილი („თბილისი – თბილისი, 2006 წელს), გიორგი ოვაშვილი („გაღმა ნაპირი, 2009), ლევან კოღუაშვილი („ქუჩის დღეები“, 2011), ნანა ექვთიმიშვილი („გრძელი, ნათელი დღეები, 2013)… ფესტივალის ისტორიაში, წელს პირველად ჟიურის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი, ნუცა ალექსი–მესხიშვილი იყო.
საკონკურსო პროგრამაში სულ 16 ფილმი მონაწილეობდა, მათ შორის ერთი ქართული – „ქართლის ცხოვრება“ (რეჟისორები – თამარ კალანდაძე და ჟულიენ პებრელი). ეს არის დოკუმენტურ მასალაზე აგებული ფილმი სანატორიუმ „ქართლის“ შესახებ, რომელშიც დევნილები აფხაზეთის ომის შემდეგ წლების განმავლობაში ცხოვრობენ…
ნუცა ალექსი–მესხიშვილი: “2026 წელს Go East-ის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო და 10 ათასი ევრო გადავეცით უკრაინელი რეჟისორის, რომან ოსტროვსკის ფილმს “ღრუბლები დიდი სიჩქარით მოძრაობენ” (პროდიუსერი ირინა კიპორენკო). რომან ოსტროვსკი მოხალისედ წავიდა რუსეთ–უკრაინის ომში და რეალურად დაგვანახა ის კონტრასტი, რომელიც ომის საშინელებასა და მშვიდობას შორის არსებობს. სხვათა შორის, ჟურის გადაწყვეტილების შემდეგ, აქა–იქ გაისმოდა შეძახილები – „ომზე ფილმები უნდა დასრულდეს, დროა კინო ხელოვნებას მიუბრუნდეს”… სინამდვილეში, ომზე ფილმები კი არ უნდა დასრულდეს, თავად ომი უნდა დასრულდეს და თან რუსეთის დამარცხებით. მაშინ, არც ომზე გადაიღებენ ფილმებს რეჟისორები და თავისუფალი უკრაინაც მშვიდობიანი დროის ხელოვნებას მიუბრუნდება“.

ვისბადენის ფესტივალზე განსაკუთრებულ მოვლენად იქცა საფესტივალო კინოთეატრ “აპოლოში” თერთმეტი ქართველი კინორეჟისორის მიერ გადაღებული ფილმის, “სინდისის პატიმრების” ჩვენება. ეს 62-წუთიანი კინოპროექტი ეხმიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ სახელმწიფო რეპრესიებს და რეალურად გვაჩვენებს ამ ფონზე დაპატიმრებულების გაუტეხელ სულისკვეთებას, მათ სახეებსა და ძალას. პროექტი წამოიწყო მოძრაობამ „ქართული კინო საფრთხის ქვეშ” და დამოუკიდებელი კინორეჟისორების ერთგვარ, კოლექტიურ მანიფესტად იქცა. ისინი აპროტესტებენ ადამიანების ლამის ყოველდღიურ დაპატიმრებას, ცენზურას ხელოვნებაში და კულტურული ინსტიტუციების პოლიტიკურ, მანიპულირებად სისტემას.

თავის დროზე, სწორედ კოლექტიურ ფილმ–მანისფეტად იქცა ცნობილი გერმანელი რეჟისორების – რაინერ ვერნერ ფასბინდერის, ფოლკერ შლიონდორფის, ალექსანდრ კლუგეს, მარგარეტ ფონ ტროტას და სხვათა მიერ გადაღებული “გერმანია შემოდგომით” (1977 წელი), რომელიც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასავლეთ გერმანიის ისტორიულ, დოკუმენტურ და პოლიტიკურ პორტრეტს გვიხატავს.
“სინდისის პატიმრებიც” ერთგვარი დოკუმენტური ფილმი–მანიფესტია, რომელის რეჟისორებიც არიან – ვაჟიკო ჩაჩხიანი, გიორგი ვარსიმაშვილი, თიკო კობიაშვილი, ელენე ნავერიანი, ქეთი მაჭავარიანი, ანა ძიაპშიპა, კოტე ჩლაიძე, სანდრო ქათამაშვილი, სალომე ჯაში, ნუცა ალექსი–მესხიშვილი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მაყურებელთან დისკუსია, რომელშიც რეჟისორი და goEast-ის ჟიურის თავმჯდომარე, ნუცა ალექსი–მესხიშვილი და ვისბადენის ფესტივალის პროგრამების დირექტორი, რებეკა ჰაილერი მონაწილეობდნენ.