ირაკლი კობახიძის განცხადებით, 18 მაისს ბაქოში ხელმოწერილი შეთანხმებები უპრეცედენტო მნიშვნელობისაა და ყველა დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
„ის შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანში არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, დატვირთვის. სხვადასხვა მიმართულებით მოეწერა ხელი შეთანხმებებს და ყველა არის კავშირში ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან. ეს ეხება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, სადაც ძალიან სასარგებლო, უკიდურესად სასარგებლო შინაარსის შეთანხმებები გაფორმდა.
რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ სათანადო ფასები, მივიღეთ სათანადო მოცულობები, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, ეს არ იყო სტანდარტული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის, ეს იყო მეგობრებს შორის დიალოგი, რამაც მოგვცა ძალიან სწორი შეთანხმება ყველა თემასთან დაკავშირებით, ეს ეხება გაზს – იმპორტს და ტრანზიტს, ეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, რომელიც გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ქვეყანა კარგავდა წელიწადში ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს და ამ მილსადენის ფუნქციონირება აღდგება, აქაც გვაქვს საუკეთესო პირობები უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამუშავება და ბაქოსთან სამგზავრო მატარებლის აღდგენა ასევე პრინციპული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის.
ბაქოში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს:
- საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;
- აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.