კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, 2 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი” ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხზე, რომელიც comcom-მა დღევანდელ სხდომაზე განიხილა, ადმინისტრაციული წარმოება მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა დაიწყო.
ტელეკომპანია ფორმულას ეთერში შერჩევითად დამონიტორინგდა 21 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები და მიიჩნიეს, რომ ტელევიზიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები დაარღვია.
საუბარია იმ ტერმინებზე, რომლებიც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში „ფორმულას” ეთერში გაჟღერდა. კერძოდ:
„ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „რეჟიმმა წელიწად-ნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების საგამოძიებო უწყება“, „რეჟიმის ოპონენტების თქმით“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების პრეზიდენტი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“, „რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა“, „ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია“, „ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან“ და სხვ. – დეპარტამენტის დასაბუთებით, ამ ფრაზების გამოყენებით „ფორმულამ“ მიმდინარე საკითხები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონს არღვევს, – წერს „მედიაჩეკერი”.
ტელეკომპანია „ფორმულას” კომუნიკაციების კომისიამ გასულ თვეს წერილობითი გაფრთხილება მისცა. 2026 წლის 8 აპრილს, კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგის საფუძველზე „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „ტელეიმედი“ და „პოსტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევის გამო, რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება, წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.