ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბოლო დღეებში საარჩევნო კამპანიის დროს რამდენიმე მწვავე კამათში ჩაერთო, რასაც დაკავებები, მოქალაქეებს მხრიდან კრიტიკა და გავრცელებული ინფორმაციით გადადგომის მოთხოვნები მოჰყვა. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დანიშნული.
18 მაისს ერევანში მიმდინარე საარჩევნო შეხვედრის დროს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორ სხვადასხვა ადგილას მოქალაქეები ფაშინიანთან მივიდნენ და 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგებში დაადანაშაულეს.
ერთ-ერთი ინციდენტის დროს ფაშინიანმა იკამათა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილ არტურ ოსიპიანთან, რომელიც მოგვიანებით ხულიგნობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს.
„ჩვენი შვილების ნაცვლად შენ უნდა წასულიყავი და მომკვდარიყავი, […] თქვე, ქურდო ცხოველებო. რატომ ხართ ცოცხლები? როცა კიდევ 5 000 მსხვერპლზე ლაპარაკობთ, ნაძირალებო, რატომ ხართ ცოცხლები?“, – უთხრა ფაშინიანმა ოსიპიანს შელაპარაკებისას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სხვა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ არ მიახლოებოდნენ მას, როგორც თავად უწოდა, „ქოჩარიან-სერჟ-[კარაპეტიანის] მსგავსი ჯაშუშური ნარატივებით“.
იმავე დღეს, ცოტა უფრო ადრე, მას კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გქონდა მეან-გინეკოლოგ არპინე სოგოიანთან, რომელმაც ფაშინიანი „სამშობლოს მოპარვასა“ და „მთელი თაობის განადგურებაში“ დაადანაშაულა, რითაც 2020 წლის ომისა და შემდგომი ესკალაციების მსხვერპლზე მიუთითა.
საინფორმაციო პლატფორმა Factor-ის თანახმად, სოგოიანის ძმა, ვიცე-პოლკოვნიკი ჰრანტ პაპიკიანი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ კლინიკის ხელმძღვანელმა, სადაც ის მუშაობს, სოგოიანს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა მისმა ქალიშვილმა, ტატევიკ სოგოიანმა განაცხადა, რომ დედამისს გათავისუფლებაზე განცხადება არ დაუწერია.
ერევნის მერმა, ტიგრან ავინიანმა 18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამორიცხა, რომ „რომელიმე ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ“.
ამავდროულად, მოქალაქეებმა გააკრიტიკეს არტურ ოსიპიანის დაკავება.
ორგანიზაცია „დამოუკიდებელი დამკვირვებლის“ წარმომადგენელმა, დანიელ იოანისიანმა განაცხადა, რომ ოსიპიანის ქმედებებში ხულიგნობის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა და მან ფაშინიანის მიმართ მხოლოდ „პოლიტიკური კრიტიკა გამოხატა“. იოანისიანმა აღნიშნა, რომ ფაშინიანმა, თავის მხრივ „პერსონალური, ღირსების შემლახავი შენიშვნები“ გააკეთა.
„დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა“ მოითხოვა „არტურ ოსიპიანის თავისუფლების შეზღუდვის დაუყოვნებლივ გაუქმება“ და ხელისუფლებას მოუწოდა, საჯაროდ მოეხადათ ბოდიში, თუ მათი ქმედება არაპროპორციულად ან პოლიტიკურად მოტივირებულად ჩაითვლებოდა.
საზოგადოების ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ინციდენტმა, რომელიც 19 მაისს ლორეს რეგიონში მოხდა, სადაც ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ფაშინიანთან მიახლოებას ცდილობდა, ძალის გამოყენებით გაიყვანეს პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები იყვნენ.
მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით არტიომ გრიგორიანად იქნა იდენტიფიცირებული, არის არამ მანუკიანის ბაბუა – ჯარისკაცის, რომელიც 2023 წლის იანვარში, გეღარქუნიკის მარზის სოფელ აზატის სამხედრო ყაზარმაში მომხდარი ტრაგიკული ხანძრის შედეგად დაიღუპა. ხანძარს 15 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გრიგორიანმა ფაშინიანი მომხდარში დაადანაშაულა და სამართლიანობა მოითხოვა.
თავის მხრივ, ფაშინიანმა ასეთ ქმედებებს კარაპეტიანის მიერ ორგანიზებული პროვოკაციები უწოდა და თქვა, რომ მათ, ვინც მას საჯაროდ აკრიტიკებს, ამისთვის 200 000 დრამს (510 აშშ დოლარს) უხდიან.
„ეს უკვე ტენდენციად იქცა – ყველგან თითო ადამიანის გაგზავნა. მოდით, ყურადღებას ნუ მივაქცევთ“, – თქვა ფაშინიანმა.
მეტი დაკავება და გამოძიება
19 მაისს სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ, რომელიც უკავშირდება სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერი სომხეთი“.
გამომძიებლების თქმით, რამდენიმე პირმა, წინასაარჩევნო პერიოდში, ქველმოქმედებაზე არსებული სამართლებრივი შეზღუდვების მიუხედავად, ლორეს რეგიონში მცხოვრები არაერთი ამომრჩევლის ბინის ქირა გადაიხადა.
„ფაქტის გამოაშკარავების თავიდან აცილებისა და მათი ქმედებების კვალის წასაშლელად, ჯგუფის წევრები იყენებდნენ შუამავლებსა და მათ საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს. თანხები ძირითადად ნაღდი ფულით გაიცემოდა, ხოლო ფულის მიღებისა და განაწილების პროცესში ჩართულნი იყვნენ შვილობილი კომპანიების თანამშრომლები და მათი გარემოცვა. ფულადი სახსრების ბრუნვის თვალ-ყურის მიდევნების კიდევ უფრო გასართულებლად ისინი ფინანსური ტრანზაქციებისთვის რუსული საბანკო ბარათების გამოყენებასაც გეგმავდნენ“, — განაცხადა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა.
ეს სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ბოლო გამოვლენილი შემთხვევაა. 8 მაისს, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან, მსგავსი ცნობები თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება და ძირითადად კარაპეტიანთან დაკავშირებულ პირებს ეხება.
ასევე 19 მაისის დილას სომეხმა სამართალდამცველებმა ერევანში დაახლოებით 15 მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო. საინფორმაციო პლატფორმა Factor-ის ცნობით, ჩხრეკა იარაღისა და საბრძოლო მასალის აღმოჩენის მიზნით მიმდინარეობდა.
სხვა ინციდენტები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს
რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა არმენ ჰოვჰანისიანის გარდაცვალების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც ფაშინიანისა და მისი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის გამო დააკავეს.
უფლებადამცველებმა მოითხოვეს მისი სავარაუდო თვითმკვლელობის გარემოებებისა და დაკავების კანონიერების „დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება“.
გარდა ამისა, 16 მაისს ლორეში თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერებმა ჩაშალეს.
ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მუხლით აღძრა, რის შედეგადაც ექვს ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო კიდევ ოთხს – შინაპატიმრობა.
პატიმრობა შეეფარდა ლორეს რეგიონის კიდევ ერთ მცხოვრებს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ხულიგნობაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, „სამოქალაქო შეთანხმების“ მხარდამჭერის წინააღმდეგ მიმართული პოსტის გამო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.