დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში კიდევ 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის.
მანამდე ერთი კვირით ადრე პენტაგონმა გააუქმა პოლონეთში 4 000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება.
ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება აშშ-ის ურთიერთობას პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან, რომელსაც მან გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დამატებითი ძალები მანამდე დაგეგმილი მისიის ნაწილია თუ სრულიად განსხვავებული ოპერაცია.
თეთრმა სახლმა ბოლო კვირებში მიანიშნა, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის, „ჯერ ამერიკა“ (America First), ფარგლებში ევროპაში სამხედროების საერთო რაოდენობის შემცირებას გეგმავს.
მაისის დასაწყისში აშშ-მა ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს. ამას განცხადებას წინ უძღოდა უთანხმოება ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის ირანთან ომის საკითხზე.
ტრამპმა გააკრიტიკა მერცი მისი განცხადების გამო, რომ თითქოს ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ „დაამცირეს“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, პოლონეთისთვის განკუთვნილი დამატებითი კონტინგენტი გერმანიიდან გამოსული ჯარისკაცებისგან შედგება თუ ცალკე ჯგუფია.
დონალდ ტრამპი ასევე აკრიტიკებდა ვაშინგტონის ნატოელ მოკავშირეებს იმის გამო, რომ მათ არ სურთ აშშ-სთან ერთად განახორციელონ ზეწოლა ირანზე ჰორმუზის სრუტის საკითხში.
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, 22 მაისს შვედეთში შეიკრიბებიან სამიტზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.
მოსალოდნელია, რომ რუბიო მოუწოდებს ვაშინგტონის ნატოელ პარტნიორებს, მეტად გაინაწილონ ფინანსური და სამხედრო პასუხისმგებლობა.
შეხვედრის წინ „BBC“-მ მარკო რუბიოს ჰკითხა დაუდასტურებელი ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა შეამციროს დასახმარებლად მზადმყოფი ჯარების საერთო რაოდენობა.
რუბიომ აღნიშნა, რომ სამიტზე „ზოგიერთ ამ საკითხს“ განიხილავენ და დასძინა, რომ ტრამპი კვლავ ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ნატოელი მოკავშირეებით.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი წარსულშიც აკრიტიკებდა ნატოს და ევროპელ კოლეგებს, ნავროცკი მუდმივად ამტკიცებდა, რომ აშშ კვლავ რჩება ევროპის უსაფრთხოების გარანტად.
ის ასევე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც ვლადიმირ პუტინის შეჩერება შეუძლია.
კაროლ ნავროცკიმ ტრამპს პოლონეთში 5 000 სამხედროს გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
X-ზე მან დაწერა:
„ვიცავ და გავაგრძელებ პოლონეთ-ამერიკის ალიანსის დაცვას – უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საყრდენს ყველა პოლონური სახლისა და მთელი ევროპისთვის. კარგი ალიანსები ისაა, რომლებიც ემყარება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკულ ასპექტსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ. პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია“.
გერმანიაში განთავსებული აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი ყველაზე დიდია ევროპაში. ის ამჟამად 36 000-ზე მეტ მოქმედ ჯარისკაცს ითვლის. იტალიაში დაახლოებით 12 000, ხოლო დიდ ბრიტანეთში 10 000 ამერიკელი სამხედროა.