„კარი ღიაა საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის“ — EU-ის წერილი ოპოზიციას 

პუბლიკა

ევროკავშირი აცხადებს, რომ აქტიურად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს. ამავე დროს, კავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას ევროკავშირში გაწევრებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი მოქმედების კურსი.

ეს ნათქვამია წერილში, რომელიც ოპოზიციურმა ალიანსმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მიიღო.

წერილში ნათქვამია, რომ ეს არის პასუხი ალიანსის მიერ გაგზავნილ წერილზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს წუხილს და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

საქართველო კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს დღის წესრიგში. საგარეო საქმეთა საბჭომ 21 აპრილს განიხილა საქართველოს მდგომარეობა, რომელიც მუდმივად უარესდება და იმსჯელა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაზე მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი.

ევროკავშირი რჩება საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული და აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. ამ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია მყარია. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის.

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ისინი არაერთხელ განიხილა. ევროკავშირის პოლიტიკა და ქმედებები ნაკარნახევია იმ ღირებულებებითა და პრინციპებით, რაზეც კავშირი დაფუძნდა და რაც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამდა ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან ექვემდებარება რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის მხარდაჭერა. ბლოკი გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას მისი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად.

ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და კვლავაც ერთგული რჩება ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერისა, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით.

ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს და კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრებისკენ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი მოქმედების კურსი“, – აცხადებს ევროკავშირი.