402 შემთხვევა ჯერ კიდევ, საბედნიეროდ, რჩება კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღევანდელი მაჩვენებელი, კოვიდინფიცირების 402 შემთხვევა, იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში რჩება, რომელზეც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების მოდელირებისას საუბრობდნენ.

„ეს მაჩვენებელი, 402 შემთხვევა, ჯერ კიდევ, საბედნიეროდ, რჩება იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში, რომელზედაც ჩვენ მოდელირების დროს ვსაუბრობდით და ვმუშაობდით, თუმცა, რა თქმა უნდა, გეომეტრიული პროგრესიით ზრდის რისკი კვლევაც რჩება. ჩვენ ამგვარი ტენდენციის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა სწორედ იმ სოციალური დისტანცირების ღონისძიებებმა, რაც ქვეყანამ განახორციელა და რაშიც ჩვენ დღემდე ვრჩებით და დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მივყვეთ ამ წესებს, არც ერთი წუთით არ მოვადუნოთ ყურადღება და სიმკაცრე ამ ღონისძიებებზე, განხორციელების თვალსაზრისით, რათა შევინარჩუნოთ ამგვარი ტენდენცია ეპიდემიის ეტაპობრივი და ნელი განვითარების და თავიდან ავიცილოთ ის პიკი, რომლისაც ყველას ძალიან გვეშინია, რადგან ამ პიკმა და ძალიან სწრაფმა ზრდამ შეიძლება უბრალოდ გამოიწვიოს ბლოკირება სისტემური და პასუხის გაცემა გახდეს ძალიან რთული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში.

შეკითხვაზე, რა რისკები შეიძლება ჰქონდეს სააღდგომო წირვაზე ხალხის თავყრილობას, გაბუნია ამბობს, რომ რისკი ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მომატებულია და თუ რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნის ეპისდიტუაციაზე, გამოჩნდება 2 კვირის შემდგომ.

„რა თქმა უნდა, რისკი ამ შემთხვევაში მომატებულია და ჩვენ ვემზადებით მომატებული რისკის შემცირებისათვის. ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის  2 კვირის წინ გატარებული სოციალური დისტანცირების ეფექტი. ამ შემთხვევაში ჩვენ, სულ მცირე,  ორკვირიან პერიოდზე ვსაუბრობთ, როდესაც ინტერვენციას შედეგი ექნება 2 კვირის დაგვიანებით.

დღეს, როცა ჩვენ გვქონდა თავშეყრა, მართალია, ზომიერად და წესების დაცვით სააღდგომო დღესასწაულში მონაწილეობის პროცესში, ამის შედეგის მოლოდინი უნდა გვქონდეს 10 დღის, 2 კვირის შემდეგ. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც რომ  სოციალური დისტანცირების ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება იმისთვის, რომ ის გადაცემა, თუ ეს გადაცემა უკვე დადგა და თუ ინფექცია გავრცელდა თავშეყრის დაგილებში, კიდევ შემდეგ მეტად აღარ გავრცელდეს და სწორედ ახლა, მომდევნო 2 კვირა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით“, – ამბობს გაბუნია.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95
  • გარდაცვლილი – 4
  • კარანტინის რეჟიმში – 4782
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3