რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავდა 44.
მედიის ცნობით, დაშავებულებიდან 28 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის ორი ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
მონიტორინგის ჯგუფების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 700-ზე მეტი დრონი გაუშვა.


კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარტყმები ქალაქის თითქმის ყველა რაიონში დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სულ მცირე შვიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კიევის ობოლონსკის, შევჩენკივსკის, დნიპროვსკის, ჰოლოსიივსკის, სოლომიანსკისა და პეჩერსკის რაიონებში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რუსული ჭურვები რამდენიმე საცხოვრებელ სახლსაც მოხვდა. რუსული რაკეტები და დრონები მოხვდა სუპერმარკეტს, სავაჭრო ცენტრს, საოფისე ცენტრს, საერთო საცხოვრებელს, სერვისცენტრს, ავტოფარეხს, გაჩერებულ ავტომობილებსა და რამდენიმე საწყობს ქალაქის სხვადასხვა უბანში.
კიევში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.