ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანიმ 27 მაისს თბილისის ჯუმა მეჩეთში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ის გულწრფელ მადლობას უხდის ყაველაშვილს მეჩეთში სტუმრობისა და „მუსლიმურ სამყაროსთან დიალოგისთვის“ და ამბობს, რომ ამ ნაბიჯს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურ ვიზიტს.
„თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის, მუსლიმური ქვეყნის ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიაზე, ადამიანის ადგილსა და როლზე ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“.
დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ სიტყვებს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტრადიციულად, ყურბან-ბაირამამდე ერთი დღით ადრე მუსლიმები იკრიბებიან ადგილზე, რომელსაც „არაფატი“ ჰქვია — სიტყვა, რომელიც შემეცნებასა და საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება.
შიიტური ისლამის პირველ იმამს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: „ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის ღმერთსაც შეიცნობს.“ სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს ისლამური აზროვნება და მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობა — იქ, სადაც ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღმერთის, სამშობლოსა და საზოგადოების შეცნობაზე.
ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ ისლამი და მართლმადიდებლობა სხვა მრავალ ტრადიციაზე მეტად არიან ერთმანეთთან ახლოს ადამიანისა და ღმერთის ღრმა ურთიერთობის გაგებაში — ურთიერთობისა, რომელიც ეფუძნება რწმენას, პასუხისმგებლობას, ზნეობასა და ადამიანურ ღირსებას.
ასევე გულწრფელი მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მუსლიმური თემის მეჩეთში სტუმრობისა და ისლამურ სამყაროსთან დიალოგისთვის. დღევანდელ მსოფლიოში ამ ნაბიჯს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურ ვიზიტს — ეს არის ურთიერთპატივისცემის, თანაცხოვრებისა და ცივილიზაციათა დიალოგის მნიშვნელოვანი ნიშანი.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა ისლამურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიებითა და სასულიერო წრეებით არ შემოიფარგლოს, არამედ გადაიქცეს ცოცხალ კავშირად ხალხებს, ოჯახებსა და პიროვნებებს შორის, ვინაიდან მშვიდობიანი მომავალი სწორედ ადამიანების მიერ ერთმანეთის შეცნობით შენდება.“, – დაწერა ელჩმა.